Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა: 252

გამოცემის წელი: 2018

ISBN: 978-9941-27-651-4

ნახვა

გადმოწერა

Safety_GEO_WEB_1542962874.pdf

წინამდებარე კვლევა ხუთი თავისაგან შედგება. ზემოთ აღწერილი მიზნებიდან და მეთო­დოლოგიური ჩარჩოდან – ერთი მხრივ, პანკისის ხეობის „საფრთხედ მონიშვნის“ გენე­ალოგიური ხაზის ძიება, ხოლო, მეორე მხრივ, პანკისელთა ცხოვრების წესის დომინან­ტურ სააზროვნო წესთან პირისპირ დაყენების მცდელობა – გამომდინარე, ეს ხუთი თავი, მკითხველს შეუძლია ერთი დიდი სურათის ხუთ ფრაგმენტად წარმოიდგინოს, ხოლო, კვლევის ავტორები იმ „არქეოლოგებად“, რომლებიც ამ ფრაგმენტთა „ამოთხრას“ და „დალაგებას“ ცდილობენ. ეს „ფრაგმენტები“, ერთი შეხედვით, შეიძლება ერთმანეთთან დაუკავშირებლადაც მოგეჩვენოთ, და მაგალითად, იკითხოთ, რატომ ვიწყებთ კვლევის პირველ თავს „პანკისის კრიზისზე“ ისტორიული მსჯელობით, ხოლო მომდევნო, მეორე თავში ისეთ ტერმინებზე ვსაუბრობთ და მათ დეკონსტრუქციას ვცდილობთ, როგორე­ბიცაა „ძველი და ახალი ტერორიზმი“.

თუმცა, დაკვირვებულ თვალს არ გამორჩება ამ „ფრაგმენტთა“ გამაერთიანებელი ხაზი: პანკისის ხეობის მოქცევა უსაფრთხოების მზერის ქვეშ არ არის მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონალური პოლიტიკის შედეგი, არამედ პირდაპირ კავშირშია გლობალური უსაფრთხოების სისტემასთან და მის ცვალებადო­ბასთან.თუმცა, უსაფრთხოების სისტემის ცვალებადობასთან ერთად, ჩვენ არც ადგი­ლობრივი, პანკისის ხეობისათვის უნიკალურად დამახასიათებელი ტრანსფორმაციებიც უნდა გამოგვრჩენოდა თვალსაწიერიდან

ამიტომაც, კვლევის მესამე და ერთ-ერთი ცენ­ტრალური თავი პანკისის ხეობის რელიგიურ ტრანსფორმაციებს აანალიზებს: როგორ ჩამოყალიბდა პანკისის თანამედროვე რელიგიური სურათი? როგორია ის და რამდე­ნად სწორია მისი ერთ, ჰომოგენურ ერთობად წარმოდგენა? როგორ გამოიყურება ეს სურათი ადგილობრივების თვალსაწიერიდან და როგორ – გარედან? და რაც მთავარია, რა განაპირობებს პანკისელთა რელიგიური მრავალფეროვნების „საშიშ“ და „უვნებელ“ ჯგუფებად დაყოფას? – კვლევის მესამე თავის მთავარი საკვლევი კითხვებია. მაგრამ ამავდროულად, ამ კითხვებზე, განსაკუთრებით კი უკანასკნელ კითხვაზე, რომელიც „სა­შიშ“ და „უვნებელ“ ისლამს ეხება, პასუხების მოძიება მხოლოდ პანკისის რელიგიური სურათის ადგილობრივი ცვლილებების შესწავლით შეუძლებელია. ა

მიტომაც, კვლევის მეოთხე თავი კვლავაც გლობალურ უსაფრთხოების პოლიტიკას და ისეთ გლობალიზე­ბულ ცნებებს ეხება, როგორებიცაა „რადიკალიზაცია“, „ძალადობრივი ექსტრემიზმი“ და მათთან გამკლავების პროგრამები და კვლევითი მოდელები. ამ თავში ჩვენ ვცდილობთ სისტემატიზება გავუკეთოთ გლობალური უსაფრთხოების სისტემის არაძალოვან მიდ­გომებს, მაგრამ ამავდროულად გამოვკვეთოთ მათი პრობლემატურობა, ვაჩვენოთ მათი კავშირი პანკისის ხეობის „საფრთხედ“ წარმოდგენასთან და ისეთი მიდგომებიც წამოვ­წიოთ წინ, რომლებიც მკვლევრებსა და სახელმწიფოს ალტერნატიული სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობას მისცემს.

მეხუთე თავში კი ჩვენ უკვე ვცდილობთ უსაფრთ­ხოების მზერა ჩამოვაცილოთ პანკისის ხეობას და ყურადღება სახელმწიფოს და არაად­გილობრივ ექსპერტებს მივაპყროთ: რა ძალოვანი და არაძალოვანი მიდგომები აქვს სახელმწიფოს პანკისის ხეობისადმი და როგორია ისინი – სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზისათვის ორი მთავარი კითხვაა. ხოლო, ექსპერტების ინტერვიუების ანალიზის შედეგების წარმოდგენისას, ჩვენ აღვწერთ და სისტემატიზირებას ვუკეთებთ ექსპერტთა მიერ სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებებს, და ამავდროულად, ვაანალიზებთ თავად ექსპერტთა პერსპექტივებს პანკისის ხეობიდან გადინების მიზეზების შესახებ. მაგრამ, ამავე თავის ბოლოს ჩვენ ვინტერესდებით მთავარით: როგორია თავად პანკისელთა შეხედულებები, რითი ხსნიან ისინი 2012-2015 წლებში პანკისის ხეობიდან მებრძოლე­ბის ახლო აღმოსავლეთში წასვლას? პანკისელთა პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთ­ში გადინების შესახებ, ან თუნდაც, ექსპერტთა პერსპექტივები, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს კვლევის ავტორები სწორედ მეხუთე თავში აღწერილ მიზეზებს წარმოადგენდ­ნენ წასვლის განმაპირობებლებად. ავტორების მხრიდან, ამგვარი დასკვნის გაკეთება არამხოლოდ მეთოდოლოგიური შეცდომა იქნებოდა, არამედ კვლავაც გააგრძელებდა იმ ხაზს, რის შედეგადაც პანკისელები და პანკისი „საფრთხედ“, „შავ ოაზისად“ და „ტერო­რისტების სამოთხედ“ წარმოგვიდგება ხოლმე.

საბოლოოდ, ჩვენ დასკვნის სახით ვაჯამებთ ხუთივე თავის მთავარ მიგნებებს და ამით ვცდილობთ, თითოეული „ფრაგმენტის“ უკვე ერთიანი სურათის სახით მიწოდებას მკითხ­ველისათვის.

ნახვა

გადმოწერა

Safety_GEO_WEB_1542962874.pdf