Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი: სოფო ვერძეული, ლიკა საჯაია

გვერდების რაოდენობა: 108

გამოცემის წელი: 2018

ნახვა

გადმოწერა

უსაფრთხოების_სამსახურის_რეფორმა_1529327131.pdf

2015 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო სამინისტროს და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების ინსტიტუციური გამიჯვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ერთ უწყებაში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციისთვის. თუმცა, რეფორმის ამ ეტაპზევე ცხადად ჩანდა, რომ უწყებების გამიჯვნა არ იქნებოდა საკმარისი უსაფრთხოების
სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის და ანგარიშვალდებულების ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად. ახლადჩამოყალიბებულ სამსახურს, 2015 წლის საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, არაერთი შეუსაბამო უფლებამოსილება გადაეცა. დღეს მოქმედი კანონი, სამსახურს არსებითად ფართო მანდატს ანიჭებს, რომელიც კლასიკური ფუნქციების გარდა მოიცავს კორუფციული დანაშაულის გამოძიებას და პრევენციას, სამართალდამცავი ორგანოებისთვის დამახასიათებელ
უფლებამოსილებს, როგორიცაა დანაშაულის გამოძიება და ბრალდებულის დაკავება.

ასეთი ფართო მანდატი და არსებითად საპოლიციო უფლებამოსილებების გადაცემა უსაფრთხოების სამსახურისთვის, მასზე ზედამხედველობის მყარი გარანტიების და გამოცდილების არარსებობის პირობებში, უსაფრთხოების სამსახურის ხელში ჭარბი და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრის საფუძველს ქმნის, რაც ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში. წარმოდგენილი კვლევა პირველი კომპლექსური დოკუმენტია, რომლიც 2015 წლის რეფორმის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ არსებულ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო გარემოს აფასებს, ასევე აანალიზებს გასული წლების განმავლობაში სამსახურის საქმიანობის შესახებ არსებულ მონაცემებსაც. კვლევის მიზანია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მანდატის, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე გამჭვირვალობის ხარისხის კრიტიკული შეფასება. საკანონმდებლო ჩარჩოს, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების და ამ სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილებების გათვალისწინებით, კვლევა ასევე მიზნად ისახავს, გამოკვეთოს გამოწვევები და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების სექტორის შემდგომ რეფორმირებას.
კვლევის განხორციელების პროცესში თანამშრომლობისათვის, პროექტის გუნდი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის, კვლევითი და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ექსპერტებს გამოცდილების გაზიარებისათვის. განსაკუთრებული მადლობა შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტს (DCAF) საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლაში გაწეული დახმარებისათვის.

კვლევის ტექსტი იხილეთ აქ⇓

ნახვა

გადმოწერა

უსაფრთხოების_სამსახურის_რეფორმა_1529327131.pdf