ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უსახლკარობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტს აქვეყნებს.

პოლიტიკის დოკუმენტში საერთაშორისო სტანდარტების, ქვეყნების პრაქტიკისა და საქართველოში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ერთი მხრივ, შეფასებულია, უსახლკარო პირის ცნება და პირის უსახლკაროდ მიჩნევის კრიტერიუმები, ხოლო, მეორე მხრივ, ინსტიტუციური ჩარჩო და ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხები.

პოლიტიკის დოკუმენტის - „უსახლკარო პირის ცნება და პირის უსახლკაროდ მიჩნევის კრიტერიუმები“ - მთავარი მიგნებები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საერთაშორისო სტანდარტები და ქვეყნების კარგი პრაქტიკა უსახლკარო პირის ცნებას ფართოდ განმარტავს და მოიცავს ქუჩაში მცხოვრებ, სახლის არმქონე, საფრთხის შემცველ გარემოსა (მაგ. გამოსახლების რისკის ქვეშ) და არასათანადო პირობებში მცხოვრებ პირთა ჯგუფებს. საქართველოში კი ამ საკითხთან არსებული მიდგომები არასისტემური და ხარვეზიანია. უსახლკარო პირის ცენტრალურ დონეზე არსებული ცნება ვიწრო და ბუნდოვანია. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება უსახლკაროთა რაოდენობისა და უსახლკარობის გამომწვევი მიზეზების დადგენა, საცხოვრისის პოლიტიკის დაგეგმვა და მისი ეფექტიანობის შეფასება;
  • საქართველოში, მუნიციპალიტეტების ნაწილი საერთოდ არ აწარმოებს უსახლკარო პირების რეგისტრაციას. მუნიციპალიტეტების მეორე ნაწილი აყალიბებს ფრაგმენტულ პოლიტიკას პირის უსახლკაროდ მიჩნევასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა ერთმანეთთან არაჰარმონიზებულია და მოქმედების არეალიდან გამორიცხავს მთელ რიგ უსახლკარო ჯგუფებს. ამასთან, დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია მუნიციპალიტეტების მიერ უსახლკარო ჯგუფების პრიორიტეტიზაციის კრიტერიუმები;
  • „უსახლკარო პირისა“ (მინიმუმ, ქუჩაში მცხოვრები და სახლის არმქონე პირები) და „უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი პირის“ (საფრთხის შემცველ და არასათანადო გარემოში მცხოვრები ჯგუფები), ასევე, ქრონიკული და ეპიზოდური უსახლკარობის ნათელი და ფართო დეფინიციების შემუშავება უნდა ედოს საფუძვლად საცხოვრისის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროცესს, რომელსაც შემდგომ მთელი რიგი სერვისების შექმნა მოჰყვება.

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით, პროექტის - „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების - შრომის, დასაქმებისა და უსახლკარობის პოლიტიკის პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა.

ნახვა

გადმოწერა

ცნება_(1)_1594200442.pdf