ედუარდო გალეანო

მთარგმნელები: გიორგი ხასაია და გიორგი წურწუმია

რეკლამა ყველას კატეგორიულად მოუწოდებს მოხმარებისკენ, მაშინ როცა ეკონომიკა კაცობრიობის უდიდეს უმრავლესობას იმავეს გაკეთებას უკრძალავს. ბრძანება, რომ ყველამ აკეთოს ის, რაც მხოლოდ ცოტას შეუძლია, კრიმინალში მიპატიჟებად იქცევა. საგაზეთო კრიმინალურ ისტორიებს მეტის თქმა შეუძლიათ ჩვენი დროის წინააღმდეგობრიობაზე, ვიდრე სტატიებს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

ჩვენი სამყარო, რომელიც თავდაპირველად ყველას ეპატიჟება ნადიმზე, ხოლო შემდეგ უმეტესობას ცხვირწინ უჯახუნებს კარებს, ერთდროულად გამთანაბრებელიცაა და უთანასწოროც: გამთანაბრებელი იმ იდეებსა და ჩვევებში, რომელსაც ის ამკვიდრებს და უთანასწორო იმ შესაძლებლობაში, რომელსაც გვთავაზობს.

გათანაბრება და უთანასწორობა

ტყუპი ტოტალიტარიზმები ასნეულებს სამყაროს: მომხმარებელი საზოგადოების დიქტატურა და სავალდებულო უსამართლობა.

იძულებითი გათანაბრების მანქანა ადამიანთა მოდგმის საუკეთესო თვისების წინააღმდეგ მუშაობს, იმ მოცემულობის წინააღმდეგ, რომ ჩვენ ამოვიცნობთ თავს ჩვენსავე განსხვავებებში და სწორედ ეს განსხვავებები გვაკავშირებს. სამყარო თავის საუკეთესო გამოვლინებაში გამოიხატება სამყაროთა სიმრავლეში, რომელსაც ის მოიცავს. ცხოვრების განსხვავებულ მელოდიებში, მათ ტკივილებსა და დაძაბულობაში: ათას ერთ წესში ცხოვრებისა და ლაპარაკის, ფიქრისა და ქმნადობის, ჭამის, შრომის, ცეკვის, თამაშის, სიყვარულის, ტანჯვისა და ზეიმის, რომლებიც მრავალი ათასწლეულის განმავლობაში აღმოვაჩინეთ.

გათანაბრება, რომელიც ერთნაირ ბრიყვებად გვაქცევს, ვერ გაიზომება. ვერც ერთი კომპიუტერი ვერ დათვლიდა დანაშაულს, რომელსაც პოპკულტურის ბიზნესი ყოველდღე ჩადის ადამიანისა და მისი იდენტობის უფლების წინააღმდეგ, თუმცა მისი გამანადგურებელი პროგრესი განსაცვიფრებელია. დრო დაცლილია ისტორიისგან, ხოლო სივრცე ვეღარ ცნობს მისი ნაწილების გასაოცარ მრავალფეროვნებას. მასმედიის საშუალებით სამყაროს ბატონ-პატრონები გვაუწყებენ ჩვენი ვალდებულების შესახებ, ვათვალიეროთ თავი ცალი მხრიდან გამჭვირვალე სარკეში.

ვისაც არა აქვს, არც არსებობს. ვისაც არ აქვს მანქანა, ან არ აცვია დიზაინერული ფეხსაცმელი, ან იმპორტული სუნამო არ აპკურია, უბრალოდ, თავს იკატუნებს, რომ არსებობს. იმპორტული ეკონომია, თვითმარქვია კულტურა: ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ, გავემართოთ მომხმარებელთა საზღვაო მოგზაურობაში, ბაზრის აზვირთებული წყლების გავლით. მგზავრთა უმეტესობა ბორტს გარეთ დარჩა. საგარეო ვალის წყალობით, იმათი მგზავრობის ქირაც, ვინც გემზე მოხვედრა მოახერხა, ჩვენი – ყველას გადასახდელია. კრედიტები საშუალებას აძლევს მომხმარებელ უმცირესობას, გამოძღნენ ახალი უსარგებლო საგნებით. მედია ხელოვნურ მოთხოვნილებებს აქცევს ნამდვილ საჭიროებებად, რომლებსაც სამყაროს ჩრდილოეთი განუწყვეტლივ იგონებს და წარმატებით მიმართავს სამხრეთისკენ („ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“ ამ წიგნში აღნიშნავს გლობალური ღვეზელის განაწილებას და ყოველთვის არ ემთხვევა გეოგრაფიას).

რას ვიტყოდით მილიონობით ლათინოამერიკელ ბავშვზე, რომლებიც სულ მალე გაიწირებიან უმუშევრობისა და უმუშევრობის ტოლფასი ხელფასისთვის? ასტიმულირებს რეკლამა მოთხოვნას, თუ, რაც უფრო რეალური ჩანს, ძალადობას წააქეზებს? ტელევიზია სრულ პროგრამას გვაძლევს: გვასწავლის, როგორ აგვერიოს ცხოვრების ხარისხი საგნების რაოდენობაში და გვთავაზობს ძალადობის ყოველდღიურ აუდიოვიზუალურ კურსებს, რომელთაც ბონუსად ვიდეოთამაშები მოჰყვება. კრიმინალი პატარა ეკრანების დიდი ჰიტია. „დაარტყი, სანამ დაგარტყამენ“ – ფრთხილობენ ვიდეოთამაშების პროფესორები. „შენ სრულიად მარტო ხარ. ნურავის ენდობი“. იმავდროულად, ლათინური ამერიკის უდიდეს ქალაქებში, კრიმინალი შემაშფოთებელი ტემპით იზრდება.

გამონაკლისი

მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ჩრდილოეთი და სამხრეთი თანაბარ საწყისებზე ხვდება ერთმანეთს: ეს არის ფეხბურთის მოედანი ბრაზილიაში, ამაზონის სანაპიროზე. ეკვატორი შუაზე კვეთს ზერაოს სტადიონს ამაპაში. ამდენად, ყოველი გუნდი თამაშის პირველ ნახევარს სამხრეთში თამაშობს, ხოლო მეორეს – ჩრდილოეთში.

მსოფლიო ეკონომიკა მოითხოვს სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ გაფართოებას, რათა შთაინთქას ჭარბი ნაწარმი და მოგების ნორმა არ შემცირდეს. ეს კი საჭიროებს აბსურდულად იაფ მუშახელსა და ნედლეულს, რათა წარმოების დაბალი დანახარჯი შენარჩუნდეს. სისტემამ, რომელმაც უნდა გაყიდოს სულ უფრო მეტი, სულ უფრო ნაკლები უნდა გადაიხადოს. ეს პარადოქსი შობს მომდევნო პარადოქსს: მომხმარებელთა რაოდენობის გასაზრდელად ჩრდილოეთი აწესებს სულ უფრო მეტ ძალაუფლებრივ წესრიგს, რათა სამხრეთმა და აღმოსავლეთმა მეტი მოიხმაროს, თუმცა კრიმინალის რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება. მძარცველები ხელიდან გვტაცებენ იმ ფეტიშებს, რომლებიც ხალხის არსებობას ადასტურებენ, რათა თავად გახდნენ ის, რაც რაც მათი მსხვერპლები არიან.უჩის აურზაურში ნებისმიერს შეიძლება მოხვდეს მუშტი ან ტყვია – იმასაც, ვისაც გადაძღომით სიკვდილი უწერია და იმასაც, ვინც შიმშილით მოკვდება.

კულტურულ გათანაბრებას, პროცესს, რომელიც ყველაფერს კონსუმერული საზოგადოების პრიმიტიულ ყალიბში ასხამს, სტატისტიკამდე ვერ დავიყვანთ. უთანასწორობას – კი. მსოფლიო ბანკი, რომელმაც ამდენი იღვაწა უთანასწორობის წასახალისებლად, ღიად აღიარებს – და გაეროს რიგი ორგანოები კვერს უკრავენ, – რომ მსოფლიო ეკონომიკა არასდროს ყოფილა უფრო ნაკლებად დემოკრატიული, მსოფლიო კი – ასე უთავმოყვარეოდ უსამართლო. 1960-იანებში მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 20%-ს 30-ჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე ყველაზე ღატაკ 20%-ს. 90-იანებში – 70-ჯერ მეტი. მაკრატელი არ ჩერდება – 2000 წლისთვის უფსკრული 90-ჯერ გაიზრდება.

ყველაზე მდიდრებს, რომლებიც „ფორბსისა“ და „ფორტუნას“ პორნოფინანსურ გვერდებზე ჩანან და ყველაზე ღარიბებს, რომლებიც ქუჩებსა და მინდვრებში არიან, შორის უფსკრული კიდევ უფრო დიდია. აფრიკელი ორსული ქალის გარდაცვალების საფრთხე ევროპელი ორსული ქალის გარდაცვალებაზე 100-ჯერ დიდია. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად გაყიდული ცხოველების საკვების ღირებულება ეთიოპიის მთლიან ეროვნულ პროდუქტს 4-ჯერ აღემატება. ორი გიგანტის, „ჯენერალ მოტორსისა“ და „ფორდის“ გაყიდვის მაჩვენებელი კი მთელი შავი აფრიკის ეკონომიკას ადვილად ჯობნის. გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, „პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი ფლობს იმდენ სიმდიდრეს, რამდენიც ორმოცდაათი ქვეყნის მთლიანი პროდუქტია, ხოლო 447 მულტიმილიონერის ქონება კაცობრიობის ნახევრის ყოველწლიურ შემოსავალს აღემატება“. გაეროს ამ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯეიმს გუსტავ სპეტმა, 1997 წელს განაცხადა, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მდიდარი ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა, მაშინ, როცა ღარიბების რაოდენობა გასამმაგდა და რომ 1.6 მილიარდი ადამიანის ცხოვრება იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე წინა 15 წლის განმავლობაში იყო.

მანამდე არც ისე დიდი ხნით ადრე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, ჯეიმზ ვოლფენსონმა, ცივი შხაპი გადაავლო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრას. მან გააფრთხილა ისინი, ვინც მსოფლიო მთავრობების (რომლებიც ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების მიერ იმართებიან) მიღწევებს აღნიშნავდა, რომ, თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა, 30 წელიწადში მსოფლიოში 5 მილიარდი ღარიბი ადამიანი იქნებოდა და უთანასწორობის წინაშე აღმოჩნდებოდნენ მომავალი თაობები. იმავდროულად ანონიმურმა ხელმა ბუენოს აირესის რომელიღაც კედელზე დაწერა: „ებრძოლე შიმშილს და სიღარიბეს! შეჭამე ღარიბი ადამიანები!“

რომ გავამყაროთ ჩვენი ოპტიმიზმი, როგორც მექსიკელი მწერალი კარლოს მონსივაისი გვეუბნება, მსოფლიო განაგრძობს არსებობას: უსამართლობა, რომელიც ქვეყნებში სუფევს, კვლავ იწარმოება ყოველ ქვეყანაში და წლიდან წლამდე ყოვლისმქონეთა და არაფრისმქონეთა შორის ნაპრალი ფართოვდება. ჩვენ ამას კარგად ვხედავთ ამერიკის ორივე კონტინენტზე. შეერთებულ შტატებში ნახევარი საუკუნის წინ მდიდრები ეროვნული შემოსავლის 20%-ს ფლობდნენ, დღეისთვის კი – 40%-ს. რა ხდება სამხრეთში? ლათინური ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო რეგიონია მსოფლიოში. არსად სხვაგან თევზი და პური ასე უსამართლოდ არ ნაწილდება. არსად სხვაგან ამხელა მანძილი არ აშორებს მცირეთ, რომლებიც მართავენ, იმათგან, ვინც ვალდებულია, დაემორჩილოს.

ლათინური ამერიკა მონა ეკონომიკაა, რომელიც პოსტმოდერნივით ინიღბება: უხდის აფრიკულ ხელფასს, აწესებს ევროპულ ფასებს და საქონელი, რომელსაც ის ყველაზე ეფექტიანად აწარმოებს, არის უსამართლობა და ძალადობა. მეხიკოს 1997 წლის ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს: ღარიბები – 80%, მდიდრები – 3%, დანარჩენები – შუაში. იგივე მეხიკო არის იმ ქვეყნის დედაქალაქი, სადაც 1990-იანებში უფრო სწრაფად ჩნდებოდნენ მულტიმილიონერები, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას დედამიწაზე: გაეროს მონაცემების მიხედვით, ერთი მექსიკელი ფლობს იმდენსავე სიმდიდრეს, რამდენსაც ჩვიდმეტი მილიონი მისი ღარიბი თანამოქალაქე.

მსოფლიოში არ არსებობს ბრაზილიაზე უთანასწორო ქვეყანა. ზოგიერთი ანალიტიკოსი, მსოფლიოს მომავლის სურათების წარმოდგენისას, პლანეტის „ბრაზილიზაციაზე“ საუბრობს. „ბრაზილიზაციაში“ ისინი ცხადია, არ გულისხმობენ დიდებული ფეხბურთის გავრცელებას, კაშკაშა კარნავალებს ან მუსიკას, მკვდარს რომ გააცოცხლებს – სასწაულებს, რითაც ბრაზილია ბრწყინავს. ისინი უფრო მეტად აღწერენ თავსმოხვეულ პროგრესის მოდელს, დაფუძნებულს სოციალურ უსამართლობასა და რასობრივ დისკრიმინაციაზე, სადაც ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ზრდის სიღარიბესა და გარიყულობას. „ბელინდია“ ბრაზილიის კიდევ ერთი სახელია, რომელიც ეკონომისტმა ედმარ ბაჩამ გამოიგონა: ის აღნიშნავს ქვეყანას, სადაც უმცირესობა ცხოვრობს ისე, როგორც ბელგიელი მდიდრები, ხოლო უმრავლესობა, როგორც ინდოელი ღარიბები.

პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის ამ ეპოქაში ფული მართავს შუამავლების გარეშე. სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ სასამართლოთი და პოლიციითაა წარმოდგენილი, რიგში ჰყავს გამწესებული იაფი მუშახელი, ხოლო უმუშევართა ლეგიონებს ძალადობით აკავებს. ბევრ ქვეყანაში სოციალური სამართალი სისხლის სამართალის სფერომდე დაიყვანეს. სახელმწიფო მხოლოდ საჯარო უსაფრთხოებაზე ზრუნავს, სხვა დანარჩენი მიტოვებულია თავისუფალი ბაზრის ანაბარა. ხოლო სადაც პოლიცია თავს ვერ ართმევს საჯარო უსაფრთხოებას, სიღარიბე – ღარიბი ხალხი, ღარიბი რეგიონები – ღვთის ანაბარაა დარჩენილი. მაშინაც კი, როცა სახელმწიფო მზრუნველ დედიკოდ გამოეწყობა, მას მხოლოდ იმის ძალა აქვს, რომ ფხიზლად იყოს და სასჯელი არ დააყოვნოს. ჩვენს ნეოლიბერალურ დროში საჯარო უფლებები საჯარო ქველმოქმედებამდეა დაყვანილი და ისიც მხოლოდ არჩევნების დღეს.

ყოველ წელს სიღარიბე კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხოცა, მაგრამ ძალაუფლების მქონეთა თვალთახედვით, ამოჟლეტა მისაღებია, თუ მას სწრაფად მზარდი, ისედაც „ჭარბი მოსახლეობის“ რეგულირების საშუალებად განვიხილავთ. ექსპერტები ღელავენ სამხრეთის „ჭარბ მოსახლეობაზე“, სადაც უბირი მასები მეექვსე მცნებას მუდმივად არღვევენ: „ჭარბი მოსახლეობა“ ბრაზილიაში, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 17 ადამიანი ცხოვრობს ან კოლუმბიაში – 29 ადამიანი. მაგალითისთვის, ჰოლანდიაში იმავე ფართობზე 400 ადამიანი ცხოვრობს და არც ერთი არ კვდება შიმშილით, მაგრამ ბრაზილია და კოლუმბია ხომ ღორმუცელების ხროვაა?! ჰაიტი და სალვადორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია ამერიკის ორივე კონტინენტზე, ისეთივე მჭიდროდ დასახლებული, როგორც გერმანია.

თვალსაზრისები/1

ბუს, ღამურების, ბოჰემისა და ქურდის გადასახედიდან, საუზმის დრო დაისია.

წვიმა ცუდი ამბავია ტურისტებისთვის, მაგრამ კარგია ფერმერებისთვის.

ადგილობრივ მკვიდრთა გადასახედიდან ტურისტია ღირსშესანიშნაობა.

კარიბის კუნძულების ინდიელების გადასახედიდან, ქრისტეფორე კოლუმბი თავისი ბუმბულიანი ქუდით და ხავერდის წითელი ლაბადით ყველაზე დიდი თუთიყუში იყო, რომელიც კი ოდესმე ენახათ.

ძალაუფლება, რომლისთვისაც უსამართლობა ყოველდღიური პრაქტიკა და ცხოვრების წესია, ყველა ხვრელიდან ძალადობას ანთხევს. მუქი კანით დაწყევლილები, სიღარიბითა და მემკვიდრეობით მიღებული კრიმინალური მახასიათებლებით შეჩვენებულები გეტოების ჯოჯოხეთში განაგრძობენ არსებობას. მათ რეკლამებზე ნერწყვი ადგებათ, მაგრამ პოლიცია მაგიდასთან არ უშვებს. სისტემა უარყოფს იმას, რასაც სთავაზობს: ოცნების ამხდენი ჯადოსნური ლამპრები, ნეონის განათებები, რომლებიც სამოთხეს მოასწავებენ ღამის ქალაქში, ვირტუალური სიმდიდრის სიდიადე. ნამდვილი სიმდიდრის მფლობელებს კარგად მოეხსენებათ, რომ არ არსებობს იმდენი ვალიუმი, ამხელა საწუხარი რომ დააცხროს, არც იმდენი დამამშვიდებელი, რომ ამხელა ტანჯვა გააყუჩოს. ციხე და ტყვია – აი, ნამდვილი თერაპია ღარიბებისთვის.

ოცი ან ოცდაათი წლის წინ სიღარიბე უსამართლობის ნაყოფი იყო. მემარცხენეები ამას გმობდნენ, ცენტრისტები აღიარებდნენ, მემარჯვენეები იშვიათად უარყოფდნენ. ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალა. დღეს სიღარიბე სამართლიანი სასჯელია არაეფექტიანობისთვის. სიღარიბემ შეიძლება, გამოიწვიოს სიბრალული, მაგრამ ის აღარ იწვევს აღშფოთებას. ადამიანები ღარიბები არიან შემთხვევითობის წესის ან უიღბლობის გამო. გაბატონებული ენა – მასობრივად წარმოებული ხატები და სიტყვები – თითქმის ყოველთვის ემსახურება მათრახისა და თაფლაკვერის სისტემას, რომელსაც ცხოვრება ესმის, როგორც შეუბრალებელი რბოლა ერთ მუჭა გამარჯვებულებსა და დამარცხებულთა სიმრავლეს შორის. ძალადობა ძირითადად წარმოჩინდება არა როგორც უსამართლობის პირმშო, არამედ როგორც ღარიბთა და სოციალურად უძლურთა ცუდი ქცევის ნაყოფი. ძალადობა მათი ბუნებაა. სიღარიბის მსგავსად ისიც შეესაბამება საგანთა ბუნებრივ წესრიგს, ბიოლოგიურ და შესაძლოა, ზოოლოგიურ წესრიგს. სამყარო ასეა მოწყობილი, ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება.

ათასწლეულის მიწურულის მორალური კოდექსი გმობს არა უსამართლობას, არამედ წარუმატებლობას. რობერტ მაკნამარამ, ვიეტნამის ომზე ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა, დაწერა წიგნი, რომელშიც აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო. ომი, რომელმაც მოკლა 3 მილიონი ვიეტნამელი და 58 ათასი ამერიკელი, მაკნამარას თანახმად, შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ უსამართლო იყო, არამედ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ომს აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ვერ გაიმარჯვებდა. მაკნამარას მიხედვით, 1965 წლისათვის გარდაუვალი ჩანდა, რომ შემტევი ძალები ვერ გაიმარჯვებდნენ. ამის მიუხედავად, აშშ-ის მთავრობა ომს მაინც განაგრძობდა, თითქოს გამარჯვება შესაძლებელი ყოფილიყო. განხილვის საგანი ვერ ხდება ის ფაქტი, რომ აშშ-მა 15 წელი დახარჯა ვიეტნამში საერთაშორისო ტერორიზმის არსებობის მტკიცებაში, იმისათვის, რომ თავისი, ვიეტნამელებისთვის არასასურველი მთავრობა მოეყვანა სათავეში. იმას, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა სამხედრო მანქანამ პატარა ქვეყანას უფრო მეტი ბომბი დააყარა, ვიდრე მთელი მე-2 მსოფლიო ომის განმავლობაში ჩამოიყარა, სრულებითაც არ აქვს მნიშვნელობა.

თვალსაზრისები/2

სამხრეთის გადასახედიდან, ჩრდილოეთში ზაფხული ზამთარია.

ჭიის თვალთახედვით, სპაგეტით სავსე თეფში ორგიაა.

სადაც ინდუსი ხედავს წმინდა ძროხას, იქ სხვები უშველებელ ჰამბურგერს ხედავენ.

ჰიპოკრატეს, გალენის, მაიმონიდისა და პარაცელსუსის თვალსაზრისით, არსებობდა სენი საჭმლის მოუნელებლობა, არ არსებობდა სენი სახელად შიმშილი.

მისი მეზობლების თვალსაზრისით, ქალაქ კარდონაში, ტოტო ზაუგი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ერთსა და იმავე ტანსაცმელს ატარებდა, საოცარი კაცი იყო. „ტოტოს არასდროს ცივა“ – ამბობდნენ ისინი.

ტოტო დუმდა. მას სციოდა, უბრალოდ არ ჰქონდა სხვა ტანსაცმელი.

ამ ხანგრძლივი სასაკლაოს განმავლობაში შეერთებული შტატები იყენებდა მძლავრი სახელმწიფოების უფლებას, თავს დაესხან, ვისაც სურთ და თავს მოახვიონ, რაც სურთ. მოხელეები, ბიზნესმენები, ბანკირები და აზრისა და ემოციის მწარმოებლები მართულ ქვეყნებში სრულ უფლებას ფლობენ, შექმნან სამხედრო დიქტატურა ან მორჩილი მთავრობები. მათ შეუძლიათ, უკარნახონ ეკონომიკური და სხვა ნებისმიერი პოლიტიკა, დაადებინონ დამანგრეველი სავაჭრო შეთანხმებები და ააღებინონ დამღუპველი კრედიტები, დაუმორჩილონ ყველა თავიანთ ცხოვრების წესს და სამომხმარებლო ტრენდების მიღება აიძულონ. ეს მათი „ბუნებრივი“ უფლებებია. ნაკურთხი დაუსჯელობით, რომლითაც ის ხორციელდება და სიხშირით, რომლითაც ავიწყდებათ.

ძალაუფლება იხსენებს წარსულს არა მეხსიერებისთვის, არამედ განწმენდისთვის. იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი პრივილეგირებულობა მემკვიდრეობის უფლებით, რათა გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან ისინი, ვინც მათ დანაშაულს ჩადიოდა და აღჭურვოს ისინი ალიბით, სასამართლოში გამოსვლისას. რასაც სკოლები და მედია ასწავლიან, როგორც წარსულის დამახსოვრების ერთადერთ შესაძლებელ გზას, ადვილად იქცევა ძალაუფლების თვითსაკრალიზაციის მოსაწყენ ლიტანიად. გამართლება მოითხოვს მეხსიერების წაშლას. არსებობენ წარმატებული ქვეყნები და ხალხები და არსებობენ წარუმატებელი ქვეყნები და ხალხები. წარმატებულები იმსახურებენ ჯილდოებს, ხოლო უვარგისები იმსახურებენ სასჯელს. უღირსობა გმირობად რომ აქციოს, ჩრდილოეთის მეხსიერება გამოყოფილია სამხრეთის მეხსიერებისგან. დაგროვება გამოცალკავებულია ძარცვისგან. სიმდიდრეს არაფერი აქვს საერთო წართმევასთან. დარღვეული მეხსიერება გვარწმუნებს, რომ სიმდიდრე ძალაუფლების სათნოებაა. სიმდიდრე და სიღატაკე მარადისობიდან იღებს სათავეს და მისკენვე მიილტვის. სამყარო ასეა მოწყობილი, რადგან ღმერთი ან ჩვეულება ასე მიიჩნევს საჭიროდ.

თვალსაზრისი/3

სტატისტიკის თვალსაზრისით, თუ ერთი ადამიანი გამოიმუშავებს ათას დოლარს, ხოლო მეორე არაფერს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დათვლისას ორივეს ხუთას-ხუთასი დოლარი უჩნდება.

ინფლაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ხარჯის შემცირების პოლიტიკა კარგი გადაწყვეტილებაა. იმათი თვალსაზრისით კი, ვინც ამ გზით ზარალდება, ასეთი პოლიტიკა ავრცელებს ქოლერას, ტიფს, ტუბერკულოზსა და ათას ჯანდაბას.

მსოფლიოს მერვე საოცრება, ბეთჰოვენის მეათე სიმფონია, მეთერთმეტე მცნება: ყველა მხრიდან ისმის თავისუფალი ბაზრის სადიდებელი. კეთილდღეობის წყარო და დემოკრატიის გარანტორი. თავისუფალი ვაჭრობა საღდება, როგორც რაღაც ახალი, თითქოს კომბოსტოში იპოვეს ან თხის ყურიდან იშვა, მიუხედავად არსებობის გრძელი ისტორიისა, რომელიც დღემდე გამეფებული უსამართლობიდან იღებს სათავეს:

  • სამი ან ოთხი საუკუნის წინ ინგლისი, ჰოლანდია და საფრანგეთი მეკობრეობით იყვნენ დაკავებულები, თავისუფალი ვაჭრობის სახელით, სერ ფრენსის დრეიკის, ჰენრი მორგანის, პიტ ჰეინის, ფრანსუა ლოლონეს და სხვა იმ დროის ნეოლიბერალების ლამაზი ოფისების გავლით.
  • თავისუფალი ვაჭრობა იყო ალიბი მთელი ევროპისთვის, როცა ადამიანის ხორცით ვაჭრობით მდიდრდებოდა მონათა ბაზარზე.
  • მოგვიანებით აშშ იყენებდა თავისუფალ ვაჭრობას, რათა დაევალდებულებინა ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა, დამორჩილებოდნენ მის ექსპორტს, კრედიტებსა და სამხედრო დიქტატურას.
  • იმავე დროშის ქვეშ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ჩინეთს დააკანონებინეს ოპიუმის მოწევა მაშინ, როცა ცეცხლითა და დემოკრატიის სახელით მეკობრემ, უილიამ უოკერმა მონობა აღადგინა ცენტრალურ ამერიკაში.
  • თავისუფალი ვაჭრობისთვის სათანადო პატივის მიგებისას ბრიტანულმა ინდუსტრიამ უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანა ინდოეთი, ხოლო ბრიტანულმა ბანკებმა დააფინანსეს ხოცვა-ჟლეტა პარაგვაიში, რომელიც 1870 წლამდე ერთადერთი ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო ლათინურ ამერიკაში.
  • გავიდა ხანი და 1954 წელს გვატემალას აზრად მოუვიდა, დაკავებულიყო თავისუფალი ვაჭრობით, იყიდა რა ნავთობი საბჭოთა კავშირისგან. ამის შემდეგ შეერთებული შტატები მიმართავს გამანადგურებელ თავდასხმას, რათა ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნოს.
  • ამ მოვლენებიდან ცოტა ხანში კუბამ, რომელმაც ვერ გაითვალისწინა, რომ თავისუფალი ვაჭრობა გულისხმობს თავსმოხვეული ფასების უპირობოდ მიღებას, შეისყიდა აკრძალული რუსული ნავთობი, რასაც მოჰყვა ინტერვენცია ღორების ყურეში და გაუთავებელი ბლოკადა.

ეს ისტორიული პრეცედენტები გვასწავლის, რომ თავისუფალი ვაჭრობა და სხვა ამგვარი მონეტარული თავისუფლებები თავისუფალი ხალხებისთვის იგივეა, რაც ჯეკ მფატრავი ფრანცისკე ასიზელისთვის. თავისუფალმა ბაზარმა სამხრეთის ქვეყნები აქცია ბაზრად, რომელიც სავსეა იმპორტული სამშვენისებით, რომელთა ყურება დაშვებულია, მაგრამ შეხება არ შეიძლება. არაფერი შეცვლილა იმ შორეული დღეების შემდეგ, რაც ვაჭრებმა და მემამულეებმა მიიტაცეს ფეხშიშველი ჯარისკაცების მიერ მოპოვებული თავისუფლება და გასაყიდად გამოიტანეს. როცა სახელოსნოები, რომლებსაც შეეძლოთ ეროვნული წარმოების შენახვა, გაანადგურეს, როცა დიდმა ქალაქებმა წაშალეს პროვინციები, ამჯობინეს რა მოხმარების სიამენი შექმნის გამოწვევებს. გაივლის წლები და ვენესუელის სუპერმარკეტებში წავაწყდებით შოტლანდიური წყლით სავსე პარკებს, რომლებიც შენს ვისკის უნდა მიაყოლო. ცენტრალური ამერიკის ქალაქებში, სადაც სიცხისგან ქვებსაც კი ოფლი გადასდით, მინახავს მოდური ქალბატონები ბეწვის მოსასხამებით. პერუში მინახავს გერმანიაში წარმოებული იატაკის მოსაპრიალებელი ელექტროაპარატი სახლისთვის, სადაც არ იყო ელექტროენერგია. ბრაზილიაში კი მაიამიში ნაყიდი პლასტმასის პალმების ნახვაც შეგიძლიათ.

განსხვავებული, საპირისპირო გეზი აიღეს განვითარებულმა ქვეყნებმა. მათ არასდროს დაუპატიჟებიათ ჰეროდე თავიანთ ბავშვობისდროინდელ დაბადების დღეებზე. თავისუფალი ბაზარი არის ერთადერთი საქონელი, რომელიც სუბსიდირების გარეშე აწარმოეს, მაგრამ ის მხოლოდ საექსპორტოა. ისინი ყიდიან, სამხრეთი ყიდულობს. მათი მთავრობები ფართოდ ახალისებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ეროვნულ წარმოებას. იმდენად, რომ სამხრეთი სავსეა ამ პროდუქციით, დიდი დანახარჯის მიუხედავად, სასაცილოდ დაბალ ფასად, იმდენად, რომ სამხრეთის ფერმერები ვერ უძლებენ კონკურენციას და კოტრდებიან. გაეროს მონაცემებით, საშუალო ამერიკელი სოფლის მეურნეობის მეწარმე იღებს ასჯერ მეტ სუბსიდიას, ვიდრე ფილიპინელი მეწარმის შემოსავალია. ნუ დაგვავიწყდება განვითარებული ქვეყნების მძვინვარე პროტექციონიზმი, როცა საქმე ეხება იმას, რაც მათ ყველაზე მეტად სურთ: მონოპოლია უახლეს ტექნოლოგიებზე, ბიოტექნოლოგიაზე, ცოდნისა და კომუნიკაციების ინდუსტრიებზე. ეს პრივილეგიები დაცულია ყველა სახსრებით რათა ჩრდილოეთმა განუწყვეტლივ იცოდეს და სამხრეთმა განუწყვეტლივ იმეოროს და ასე გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე.

ეკონომიკური ბარიერები მაღალია, ადამიანური ბარიერები – კიდევ უფრო მაღალი. საილუსტრაციოდ ევროპის ახალი საემიგრაციო კანონები ან მექსიკის საზღვრის გასწვრივ აღმართული რკინის კედელიც კმარა. ეს ბერლინის კედლისადმი პატივის მიგება კი არ არის, არამედ ცხვირწინ კარის მიჯახუნება მექსიკელი მუშებისთვის, რომლებიც არ აღიარებენ, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა მხოლოდ ფულის პრივილეგიაა (კედელი რომ ნაკლებად უსიამოვნოდ გამოიყურებოდეს, მის ვარდისფრად გადაღებვას, ბავშვების ნახატებით მორთვას და პატარა ჭუჭრუტანების დატოვებას აპირებენ).

ენა/1

კომპანიებს „მულტინაციონალურებს“ უწოდებენ იმიტომ, რომ ისინი ერთდროულად ბევრ ქვეყანაში ოპერირებენ, მაგრამ ისინი ეკუთვნიან იმ მცირე ქვეყნებს, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ სიმდიდრე, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული ძალაუფლება, სამეცნიერო ცოდნა და მოწინავე ტექნოლოგიები. ათი ყველაზე დიდი მულტინაციონალური კომპანია ფლობს იმდენს, რამდენსაც ასი ქვეყანა ერთად აღებული.

„განვითარებადი ქვეყნები“ ექსპერტების მიერ გამოიყენება იმ ქვეყნების აღსანიშნავად, რომლებიც გათელილები არიან სხვისი განვითარების სასარგებლოდ. გაეროს თანახმად, განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებს უგზავნიან ათჯერ მეტ ფულს, უთანასწორო სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობების დამსახურებით, ვიდრე უცხოური დახმარების სახით მათგან იღებენ.

საერთაშორისო ურთიერთობებში „უცხოური დახმარება“ არის მცირე ბეგარა, რომელსაც მანკიერება უხდის სათნოებას. უცხოური დახმარება, ძირითადად, უსამართლოდ ნაწილდება იშვიათი გამონაკლისებით. 1995 წელს შავ აფრიკაზე შიდსის შემთხვევების 75% მოდიოდა, თუმცა აფრიკას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ დახარჯული ფულის მხოლოდ 3% ერგო.

ყოველ ჯერზე, როცა ისინი იკრიბებიან (ხოლო იკრიბებიან უაზროდ ხშირად), ამერიკის ორივე კონტინენტის პრეზიდენტები იღებენ რეზოლუციებს, რომლებშიც დაჟინებით ირწმუნებიან, რომ „თავისუფალი ბაზარი ხელს შეუწყობს კეთილდღეობას“. ოღონდ არ აკონკრეტებენ, ვის კეთილდღეობას. რეალობა – რომელიც არსებობს მაშინაც, როცა არ იმჩნევენ და რომელიც არ დუმს მაშინაც, როცა პირი დამუწული აქვს – გვეუბნება, რომ კაპიტალის თავისუფალი დენადობა მხოლოდ ნარკომოვაჭრეებსა და ბანკირებს ამდიდრებს, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ნარკო-დოლარების გადამალვაზე ზრუნავენ. საჯარო ფინანსური და ეკონომიკური კონტროლის მოშლა უზრუნველყოფს კარგ საფარველს ნარკოტიკების გავრცელებისა და ფულის გათეთრებისთვის. რეალობა ასევე გვეუბნება, რომ თავისუფალი ბაზრისთვის ანთებული მწვანე შუქი ეხმარება ჩრდილოეთს, გამოავლინოს თავისი ხელგაშლილობა და საჩუქრის სახით შესთავაზოს სამხრეთსა და აღმოსავლეთს თავისი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიები, ბირთვული ნარჩენები და სხვა ნაგავი.

ენა/2

1995 წელს არგენტინულმა პრესამ აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ბანკის ზოგიერთმა დირექტორმა ამერიკული კორპორაცია აიბიემისგან 37 მილიონი დოლარი მიიღო მომსახურების სანაცვლოდ, რომლის ღირებულებაც, კონტრაქტის მიხედვით, 120 მილიონით მეტი იყო ჩვეულებრივ ფასზე.

სამი წლის შემდეგ დირექტორებმა აღიარეს, რომ მათ აიღეს ეს ფული და განათავსეს შვეიცარიული ბანკის ანგარიშებზე, მაგრამ მათ ნატიფად/მოხდენილად აუარეს გვერდი უხეშ სიტყვას – „ქრთამს“: ერთმა მათგანმა გამოიყენა სიტყვა ჯილდო, ხოლო მეორემ –პრემია. მათ შორის ყველაზე დელიკატურმა განმარტა, რომ ეს იყო „აიბიემის კეთილი ჟესტი“.

ენა/3

ვიქტორიანულ ეპოქაში დაუქორწინებელი ქალის თანდასწრებით შარვლებზე არავინ საუბრობდა. ზოგიერთ რამეზე ჩვენს დროშიც არ საუბრობენ საზოგადოებრივი აზრის წინაშე:

  • კაპიტალიზმი ატარებს სცენურ ფსევდონიმს „საბაზრო ეკონომიკა“;
  • იმპერიალიზმს ეწოდა „გლობალიზაცია“;
  • იმპერიალიზმის მსხვერპლებს დაერქვათ „განვითარებადი ქვეყნები“, როგორც ჯუჯას შეიძლება დაარქვა „ბავშვი“;
  • ოპორტუნიზმს დაერქვა „პრაგმატიზმი“;
  • ღალატი გახდა „რეალიზმი“;
  • ღარიბები გახდნენ „დაბალშემოსავლიანები“;
  • ღარიბი ბავშვების სასკოლო სისტემიდან გარიყვა იზომება ტერმინით „სწავლის შეწყვეტის დონე“;
  • ბოსების უფლება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვონ მშრომელები, გაფორმდა, როგორც „მოქნილი შრომის ბაზარი“;
  • ოფიციალური რიტორიკა ქალთა უფლებებს „უმცირესობათა“ უფლებებს შორის აღიარებს, თითქოს კაცობრიობის მამრობითი ნახევარი უმრავლესობა იყოს;
  • სამხედრო დიქტატურის ნაცვლად ამბობენ „პროცესი“;
  • წამება „არალეგალური იძულებაა“ ან „ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“;
  • როცა ქურდები კარგი ოჯახებიდან არიან, მათ „კლეპტომანებად“ მოიხსენიებენ;
  • კორუმპირებული პოლიტიკოსების მხრიდან საჯარო ქონების მიტაცება „უკანონო გამდიდრებაა“;
  • მანქანების მიერ ჩადენილი დანაშაული „უბედური შემთხვევებია“;
  • ბრმებს უწოდებენ „მხედველობის არმქონეებს“;
  • შავი კაცი „ფერადკანიანი კაცია“;
  • როცა ამბობენ „ხანგრძლივი და რთული ავადმყოფობა“, იგულისხმება კიბო ან შიდსი;
  • „უეცარი ავადმყოფობა“ ნიშნავს გულის შეტევას;
  • სამხედრო ოპერაციების დროს ამოწყვეტილი ადამიანები მკვდრები არ არიან – შეტაკებების დროს მოკლულები „მსხვერპლად“ ინათლებიან, ხოლო მოკლული სამოქალაქო პირები „უნებლიე დანაკლისია“;
  • 1995 წელს, როცა საფრანგეთი წყნარი ოკეანის სამხრეთში ატომურ ბომბს ცდიდა, მათი ელჩი ახალ ზელანდიაში აცხადებდა: „მე არ მომწონს სიტყვა „ბომბი“. ეს არ არის ბომბები, არამედ ფეთქებადი არტეფაქტები“;
  • „ურთიერთობის დარეგულირებას“ ისინი უწოდებენ სიკვდილის რაზმების საქმიანობას, რომლებიც სამხედრო პროტექციის ქვეშ მოქმედებენ კოლუმბიაში;
  • ჩილეს სამხედრო დიქტატურის დროს ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკს „ღირსება“ერქვა, ხოლო ურუგვაის დიქტატურის დროს „თავისუფლება“ ყველაზე დიდი ციხე იყო;
  • „მშვიდობა და სამართლიანობა“ იმ პარამილიტარული დაჯგუფების სახელია, რომელმაც 45 ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები ზურგში სროლით დახოცა. ზურგში იმიტომ, რომ ამ დროს ისინი ლოცულობდნენ ქალაქ აკტეალის ეკლესიაში, მექსიკაში, ჩიაპასის შტატში.

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში, რომელიც Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.