კონტექსტის მიმოხილვა

12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს საბოლოოდ უყარა კენჭი და 14 მათგანი უვადოდ განამწესა თანამდებობაზე.[1] უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცესი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ (შემდგომში - საბჭო)  მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით წარუდგინა პარლამენტს 10 კანდიდატისგან შემდგარი სია.[2] ამასთან ერთად, სია დაკომპლექტებული იყო იმ პირებით, რომელთა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების თაობაზე საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობდა.

საბჭოს მიერ პარლამენტისთვის სიის წარდგენას საზოგადოებრივი პროტესტი და  საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა და პარლამენტმა დროებით უარი თქვა წარდგენილი სიის განხილვაზე. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების,[3] აგრეთვე პროფესიული და აკადემიური გაერთიანებების მწვავე პროტესტის ფონზე,[4] სიაში წარმოდგენილმა კანდიდატებმაც ერთობლივად თქვეს უარი კონკურსში მონაწილეობაზე. შედეგად, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობით დაიწყო აქტიური მუშაობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესისა და კრიტერიუმების მოსაწესრიგებლად.[5] საერთაშორისო[6] თუ ადგილობრივი[7] ორგანიზაციების მოსაზრებების მოსმენისა და საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, რეკომენდაციების ნაწილი აისახა “საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში” და შემუშავდა პროცედურები საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა შესარჩევად. სამწუხაროდ, მუშაობის პროცესში პარლამენტმა მხოლოდ ფრაგმენტულად გაითვალისწინა როგორც ადგილობრივი, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და მნიშვნელოვანი საკითხები სათანადო მოწესრიგების გარეშე დარჩა.[8]

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხელახალი შერჩევის პროცესი კვლავაც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა:

ცხადი იყო საბჭოს რამდენიმე წევრსა და კონკრეტულ კანდიდატებს შორის ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები.[9] აღნიშნულ საკითხზე არაერთი მითითების მიუხედავად, საბჭოსგან არ არსებობდა წევრების პროცესისგან ჩამოშორების ნება, რაც თავად პროცესის შედეგებთან მიმართებით ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. საბჭოს იმდროინდელი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ამავდროულად იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატებს შორის. მართალია, საბჭოს მდივანი არ მონაწილეობდა მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებულ სხდომებში, გასაუბრებებსა თუ კენჭისყრაში, თუმცა იგი კვლავ ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი. მას ასევე არ შეჩერებია აღნიშნული პროცესის მიღმა საბჭოს მდივნისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, მათ შორის საბჭოს სხდომებისა და აპარატის ხელმძღვანელობა, აგრეთვე საბჭოს გადაწყვეტილებების ხელმოწერით დადასტურება.[10]

გასაუბრებების პროცესი მთელი დღის განმავლობაში, არასამუშაო საათებშიც კი, საბჭოს წევრებს შორის მუდმივი დაპირისპირების ფონზე გრძელდებოდა, რაც გარკვეულწილად აისახებოდა გასაუბრებების ჩატარების ხარისხზე. გასაუბრებაზე დასმული კითხვები ააშკარავებდა ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ საბჭოს მოსამართლე და რამდენიმე არამოსამართლე წევრის დადებით თუ უარყოფით განწყობებს. ამასთან, ჩატარებული ორივე კენჭისყრის დროს საბჭოს წევრების მხრიდან კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით მეტად მაღალი იყო ხმებს შორის დამთხვევის ხდომილება. აღნიშნული საკითხები კრიტიკულად შეაფასა როგორც სახალხო დამცველმა,[11] ასევე ეუთო/ოდირის წარმომადგენლობამ[12] და კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.[13]

 

მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები შედარებით უფრო გამჭვირვალედ და საზოგადოებრივი ჩართულობით წარიმართა.[14] ღია საკომიტეტო მოსმენებმა ხილვადი გახადა სასამართლო სისტემაში არსებული არაერთი პრობლემა, განსაკუთრებით მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების კუთხით არსებული გამოწვევები. ასევე გაჩნდა კითხვები, რამდენად აკმაყოფილებდნენ კონკრეტული კანდიდატები მოსამართლეობის ფორმალურ კრიტერიუმს, კერძოდ,  უმაღლესი განათლების ცენზს.[15]

 

პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატების საბოლოოდ კენჭისყრა

2019 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, აქტიური სამოქალაქო პროტესტის ფონზე უყარა უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს კენჭი, რათა შესაბამისი რეკომენდაციებით მომხდარიყო კანდიდატების წარდგენა პარლამენტის პლენარული სხდომისთვის.[16] იურიდიულმა კომიტეტმა კენჭისყრისას შეზღუდა ჟურნალისტების მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელების უფლება. აგრეთვე გამოვლინდა ძალის გამოყენებით ჟურნალისტის დარბაზიდან გაყვანის შემთხვევა.[17] პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე პროტესტის[18] მიუხედავად, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა პლენარულ სესიაზე ყველა იმ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნაში იყვნენ დასახელებულნი.[19]

 

შეჯამება

არჩეულ მოსამართლეთა უმრავლესობა სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ინტერესების გამტარებელია, ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე იკავებდა ამჟამინდელ ხელისუფლებაში მაღალი რანგის თანამდებობას და მათ საქმიანობას უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, ან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები. იმ ფონზე, როდესაც, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუდმივ გამოწვევად რჩებოდა მიმდინარე პროცესის, ისევე როგორც ინდივიდუალური კანდიდატების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ სანდოობის დაბალი ხარისხი, შერჩეული კანდიდატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დანიშვნა კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმრავლესობა არ სარგებლობს საზოგადოების ლეგიტიმაციით. შესაბამისად, პარლამენტის მიერ 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება ერთი მხრივ ვიწრო-პოლიტიკური გავლენების ზრდის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, აძლიერებს სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში არსებული კლანის გავლენებს და არანაირად არაა მიმართული საზოგადოებრივი ინტერესებისკენ.

საბოლოო შედეგებმა აზრი დაუკარგა იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროცედურებს, რომელიც განისაზღვრა საბჭოს მიერ პარლამენტისთვის თავდაპირველად წარდგენილი სიის შემდეგ, აგრეთვე იურიდიულ კომიტეტში მეტნაკლებად გამჭვირვალედ წარმართულ პროცესს.  იურიდიულ კომიტეტში წარმართული პროცესი მიზნად ისახავდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სამოქალაქო სექტორისათვის თანამშრომლობის რეჟიმისა და პროცესის დემოკრატიულობის ილუზიის შექმნას,  ცალსახად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და საბოლოო შედეგებზეც არ მოახდინა რეალური გავლენა.

12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ უგულებელყო საზოგადოებრივი და ეროვნული პოლიტიკური საჭიროებები და ვიწრო-პარტიულ ინტერესებზე დაყრდნოვით დააკომპლექტა უზენაესი სასამართლო. უმაღლეს სასამართლო ინსტანციის შერჩეულ პირთა უვადოდ დანიშვნა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მართლმსაჯულების სისტემას და განუსაზღვრელი დროით აქრობს მისი კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობას. შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს უფრო რადიკალურ და სისტემურ ცვლილებებს, რადგან მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები რეფორმის მორიგი ტალღებით ვეღარ აღმოიფხვრება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

 

[1] http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenaruli-sxdomis-dgis-wesrigi/saqartvelos-ix-mowvevis-parlamentis-2019-wlis-12-13-dekembris-plenaruli-sxdomebis-dgis-wesrigi.page

[2] http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesma-sabchom-uzenaesi-sasamartlos-mosamartleta-kandidatebi-daasakhela/3368; https://netgazeti.ge/news/331209/

[3] http://www.tabula.ge/ge/story/143116-martlmsajuleba-gadasarchenia-aqcia-iusticiis-umaghles-sabchostan

[4] https://emc.org.ge/ka/products/manifesti-martlmsajulebis-gadasarchenad

[5] http://liberali.ge/news/view/42418/uzenaesis-mosamartleta-kandidaturebis-sherchevis-protsedura-ukve-tsarmodgenil-siazets-gavrtseldeba

[6] https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2019)002-e&fbclid=IwAR3UGIgjl2XFpC9BwJhSfF-7Kw4fXl8Izw5ssLZ5NHlHQwjSXdHYM29kjFc; https://www.legislationline.org/download/id/8164/file/346_JUD_GEO_17April2019_geo.pdf

[7]  http://coalition.ge/index.php?article_id=200&clang=0

[8] https://emc.org.ge/ka/products/koalitsia-uzenaesi-sasamartlos-mosamartleta-tsardgenisa-da-archevis-akhal-tsess-afasebs

[9] http://coalition.ge/index.php?article_id=213&clang=0

[10] https://emc.org.ge/ka/products/ra-darghvevebit-mimdinareobs-uzenaesi-sasamartlos-mosamartleebis-sherchevis-protsesi

[11] http://www.ombudsman.ge/res/docs/2019100811095425887.pdf; https://www.osce.org/ka/odihr/429491?download=true; http://coalition.ge/index.php?article_id=213&clang=0

[12] https://www.osce.org/ka/odihr/429491?download=true; http://coalition.ge/index.php?article_id=213&clang=0;

[13] http://coalition.ge/index.php?article_id=213&clang=0

[14] https://emc.org.ge/ka/products/iuridiul-komitetshi-uzenaesi-sasamartlos-mosamartleobis-kandidatebis-mosmenis-protsesis-shefaseba?fbclid=IwAR32vSjaUlYbQXfpU-GJDXBmNCwuvoHJ6GLJCGHlx8v6GyT8elaRpkUXui4.

[15] https://netgazeti.ge/news/396932/

[16] http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti-146/axali-ambebi-iuridiuli/iuridiul-sakitxta-komitetma-uzenaesi-sasamartlos-mosamartleobis-14-kandidats-dasamtkiceblad-rekomendacia-gauwia.page.

[17] https://www.radiotavisupleba.ge/a/30322100.html.

[18] http://www.tabula.ge/ge/story/161473-vitxovt-ghirseul-mosamartleebs-ngo-ebis-aqcia-parlamenttan.

[19] http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenaruli-sxdomebi_news/parlamentma-saqartvelos-uzenaesi-sasamartlos-mosamartleebi-airchia.page