დღეს ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა მოსაზრებები ორი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს - მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. დასკვნაში კომისია ყურადღებას ამახვილებს, კონსტიტუციის ახალი რედაქციით ფორმირებული კონსტიტუციური ჩარჩოს პირობებში, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის, საქმიანობის ფორმებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე.

ვენეციის კომისია გატარებული რეფორმების ნაწილს პოზიტიურად აფასებს, თუმცა დასკვნაში წარმოდგენილი მოსაზრებები ნათლად მიუთითებს, როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურის სისტემაში შემდგომი, ძირეული, რეფორმების საჭიროებაზე.

  1. პროკურატურის სისტემა

ვენეციის კომისია პროკურატურის ახალი, კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე, რამდენიმე ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

ინსტიტუციური საკითხები

  • დასკვნის მიხედვით, სისტემის დამოუკიდებლობა დიდწილად განისაზღვრება ორგანოს ხელმძღვანელი პირის არჩევის წესით. შესაბამისად, ვენეციის კომისია, მნიშვნელოვანად მიიჩნევს გენერალური პროკურორის გამჭვირვალე და ნათელი კრიტერიუმების საფუძველზე დანიშვნას;
  • კომისია ყურადღებას ამახვილებს პროკურორთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის და სუბორდინაციის საკითხზე და მიუთითებს, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მოდელისთვის მნიშვნელოვანია, კანონმა უზრუნველყოს პროკურორთა შიდა დამოუკიდებლობა და შექმნას ეფექტიანი მექანიზმები ამისთვის;
  • ვენეციის კომისია, იერარქიულ კონტროლს და პროკურორთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას შორის ბალანსის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს უფლებამოსილებათა გადანაწილებას გენერალურ პროკურორს და საპროკურორო საბჭოს შორის.

საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები

  • კომისიის დასკვნა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბჭოს კონსტიტუციურ ფუნქციებთან ორგანული კანონის თავსებადობაზე. დასკვნის მიხედვით, სადავოა, რამდენად შეძლებს საბჭო კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას, მისთის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით;
  • საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილების მისაღწევად, კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს საბჭოს დაკომპლექტების წესის გადახედვას და მისი უფლებამოსილების ზრდას. კონკრეტულად კი, საკადრო და დისციპლინურ საკითხებთან მიმართებით მისი უფლებამოსილების გაძლიერებას;
  • კომისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, კარიერის მართვის, ეთიკის და დისციპლინის საბჭო დაექვემდებაროს არა გენერალურ პროკურორს, არამედ საპროკურორო საბჭოს, რაც თავის მხრივ გააძლიერებს ინდივიდუალური პროკურორების შიდა დამოუკიდებლობას სისტემაში;
  • კომისიის მხრიდან დადებითად არის შეფასებული იუსტიციის მინისტრის როლის შემცირება საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების საკითხში. თუმცა, კომისია თვლის, რომ შეთავაზებული მოდელი არ არის საკმარისი საბჭოს მიერ ძირითადი კონსტიტუციური ფუნქციების განსახორციელებლად;
  • საპროკურორო საბჭოს კომპოზიციის ნაწილში, ვენეციის კომისია აუცილებლად მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოების წევრთა მონაწილეობის ზრდას საბჭოს შემადგენლობაში;

ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხები:

  • კომისიის დასკვნით, საპროკურორო საბჭოს სჭირდება მეტი მექანიზმი პროკურატურის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საპროკურორო საბჭოს ჰქონდეს უფლებამოსილება გარკვეული წერილობითი რეაგირება მოახდინოს გენერალური პროკურორის ანგარიშზე.

  1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაწილში, ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებათა ნაწილს, თუმცა, იქვე მიუთითებს პრობლემურ საკითხებს, რომელთა უკეთ მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია სათანადო ნაბიჯების გადადგმა.

საბჭოს საქმიანობის რეგულირება:

  • კომისია საჭიროდ მიიჩნევს განისაზღვროს საბჭოს მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების შემუშავების და მიღების ვადები და მათი მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყოს დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები. საბჭოს გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მოსამართლეთა დისციპლინირების და შერჩევა-დანიშვნის პროცესში მიღებული აქტები, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას;

საბჭოს წევრთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობა:

  • კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი „უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება“ არის ფართო და ბუნდოვანი, ვინაიდან არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შეფასებულიყო ჯეროვნად ან არაჯეროვნად უფლებამოსილების განხორციელება. კომისია აღნიშნავს, რომ ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია ამ საფუძვლის შეცვლა უფრო კონკრეტული და ნათელი დებულებით;

საბჭოს ანგარიშვალდებულება:

  • ვენეციის კომისია პრობლემურად მიიჩნევს საბჭოს ანგარიშვალდებულებას მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. კომისია აღნიშნავს, რომ თუ ანგარიშვალდებულება საბჭოს მიერ კონფერენციისთვის მხოლოდ ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას გულისხმობს, ეს უფრო ნათლად უნდა გაიწეროს კანონში.