აბრაამ ბოსი, თომას ჰობსის "ლევიათანის" პირველი გამოცემის ფრონტისპისი, 1651

მალი და კვერთხი

როცა 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ყველასთვის ნათელი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, 20 მარტის გადაწყვეტილებით, არ შეწყვიტა  ღვთისმსახურება და არ შეცვალა საერთო კოვზით ზიარების წესი ეპიდემიის გამო.  “წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა.” - განაცხადა სინოდმა[i] და ამ რიტუალზე უარის თქმა თავად მაცხოვრის უარყოფის ტოლფასად შერაცხა.[ii]

30 მარტს ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს მორიგად დაუსვა კითხვა ეკლესიაზე. გახარიამ კი, რომელიც ჯერაც არ კარგავდა იმედს, უპასუხა:

“ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“[iii]

მაგრამ მოხდა სწორედ ის, რაც გახარიას ვერ წარმოედგინა.

მისმა განცხადებამ ერთი შეხედვით შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ის ერთ სიბრტყეზე აყენებს მთავრობასა და ეკლესიას - და, შესაბამისად, მათ სუვერენულობის ორ განცალკევებულ შტოდ განიხილავს. მაგრამ გახარია იმასაც უსვამს ხაზს, რომ სიცოცხლის დაცვა მთავრობის პასუხისმგებლობაა. სიცოცხლე მართალია, უმაღლესი ფასეულობაა, რომელსაც საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთნაირად უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთს აწევს. სწორედ ის არის სუვერენი.

გახარიას განცხადება იმ ცნობილ თავფურცელს მოგვაგონებს, რომელიც თომას ჰობსის ლევიათანის პირველ გამოცემას ამშვენებს. პანდემიის მრავალმა დამკვირვებელმა აღნიშნა კიდეც, რომ ვირუსმა მსოფლიო პოლიტიკის არენაზე დააბრუნა ლევიათანში აღწერილი სახელმწიფო. წიგნის თავფურცელი გამოსახავს გიგანტურ ადამიანს, რომლის სხეულიც ჭიანჭველებივით თავმოყრილ ადამიანთა სიმრავლისგან შედგება. მას ერთ ხელში ხმალი, საერო ხელისუფლების სიმბოლო, უპყრია, მეორე ხელში კი - ეპისკოპოსის კვერთხი, სასულიერო ძალაუფლების სიმბოლო. მისი სხეულიდან უზენაესის თავი ამოიზრდება, რომელიც თან სხეულის და ხელების შემადგენელი ელემენტების  ერთიანობაა და თან  ამ შემადგენელი ნაწილების ჯამზე მეტიც.[iv] ეს არის ურჩხული ლევიათანი, რომელსაც ადამიანები “საზოგადოებრივი ხელშეკრულების” დადებით თავიანთ უსაფრთხოებაზე ზრუნვის უფლებამოსილებას გადასცემენ. ამას აკეთებენ უპირობოდ და თეთრი ბაირაღის ფრიალით, რადგან მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ “საკუთარი ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად”. ასეთი ადამიანის გონებაც უმთავრესად სხვა არაფერია, თუ არა შიშის კარნახი, რომ არ “გააკეთოს ისეთი რამ, რაც მის სიცოცხლეს ხელყოფს”.[v] კარლ შმიტის სიტყვებით, “ატომიზირებულ მარტოკაცებს შიში აპოვნინებს ერთმანეთს”, მერე “სადღაც გონების ნაპერწკალი გაიკიაფებს - და უცებ ჩვენს წინაშე ახალი ღმერთი დგას.”[vi] ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ადამიანები თავიანთივე შიშიდან შობილი წარმონაქმნისადმი აღივსებიან “კრძალვით”.[vii]

თავის დროზე, ჰობსმა ხმალიც და კვერთხიც იმისთვის დაუქვემდებარა ყველასა და ყველაფერზე მაღლა მდგომ სუვერენს, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილიყო სამოქალაქო ომი და რელიგიური შუღლი, რომელსაც XVII საუკუნის ინგლისი დაებეჩავებინა. ერთადერთი მყარი საძირკველი კი, რაც ჰობსს თავისი ხელოვნური ურჩხულისთვის ესახებოდა, არა ღვთივკურთხეულობა, არამედ სიცოცხლის დაკარგვის შიში იყო და, შესაბამისად, სიცოცხლის დაცვა - ლევიათანის ერთადერთი და უმაღლესი ლეგიტიმაცია. პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც სიცოცხლე მოიხმო, ფარად აიკრა შეშინებულ მოქალაქეთა ნდობა, ნიღბად - ეპიდემიოლოგების სამეცნიერო ცოდნა, და მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც დაიჯერა საკუთარი უზენაესობა. მის თეატრალურ პერფორმანსში ხმალს კვერთხი უნდა დაემორჩილებინა - სიცოცხლის სახელით.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით სუვერენმა შეკრების თავისუფლება შეზღუდა  და დააკონკრეტა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის რელიგიურ ადამიანებსაც. თუმცა, იმავე დღის მიწურულს პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ პრემიერის ოცნება გააფერმკრთალა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საქართველოს კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეზღუდავს ვერც რელიგიის და ვერც რელიგიური შეკრების თავისუფლებას, რადგან საგანგებო მდგომარეობა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, რელიგიასა და რელიგიურ თავყრილობებე არ ვრცელდება. ლევიათანს მარცხენა მტევანი, რომლითაც კვერთხი უპყრია, აშკარად მოუსუსტდა.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში

ამავე თემაზე:

ნახვა

გადმოწერა

ჟამი._ნაწილი_მეორე_1589900664.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] https://netgazeti.ge/news/430855/

[ii] https://1tv.ge/news/saqartvelos-sapatriarqo-koronavirustan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

[iii]https://1tv.ge/news/giorgi-gakharia-ver-warmomidgenia-ra-sheidzleba-iyos-adamianis-sicockhleze-ufro-maghali-faseuloba-rogorc-mtavrobistvis-ise-eklesiistvis/

[iv] Horst Bredekamp, Thomas Hobbes. Der Leviathan. Das Urbild des modernen Staates und seine Gegenbilder  1651–2001, Berlin, 2011, გვ. 81.

[v] თომას ჰობსი, “ლევიათანი“, მთარგმნ. გია ნოდია, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. იგნი I, თბილისი, 2014, გვ. 223.

[vi] Carl Schmitt, „Der Staat als Mechanismus bei Hobbes und Descartes“, in: Archiv für Rechts- und Sozialphilosophie, 30 (1936/37), გვ. 623, 628.

[vii] შდრ. კარლო გინძბურგი, “შიში, მოწიწება, ტერორი. დღევანდელი გადასახედიდან წაკითხული ჰობსი“, მთარგნ. ზაალ ანდრონიკაშვილი, კრებულში: გინძბურგი, ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია. ესსეები ევროპის ისტორიისა და კულტურის შესახებ, თბილისი, 2011, გვ. 418-426. სინამდვილეში საქმე, რა თქმა უნდა, ბევრად უარესადაა და, ჰობსის მონათხრობისგან განსხვავებით, არავინ გვეკითხება, გვინდა თუ არა კრძალვისმომგვრელი ლევიათანისთვის ჩვენი უფლებების გადაბარება; სუვერენულობა ყოველთვის უკვე აქაა და მე მაიძულებს, მას ჩავბარდე, მით უმეტეს, როცა მეშინია. მეშინია ისევ და ისევ დიდწილად სახელმწიფოს მიერვე წარმოებული შიშის ნიადაგზე, და ეს შიშია, რაც შემდგომ “შეიქმს“ სახელმწიფოს.