შესავალი

2019 წლის 9 იანვარს ორი წელი გავიდა შესანიშნავი ფილოსოფოსის, სოციოლოგის და პოლიტოლოგის, პოსტმოდერნის ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის და მრავალფეროვანი ფიგურის, ზიგმუნტ ბაუმანის გარდაცვალებიდან. „მოწყვლადი მოდერნის“ მისმა კონცეფციამ ძირეულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები თანამედროვე სოციალურ და კულტურულ რეალობაზე. მისი წერის სტილი განსხვავდებოდა „კლასიკოსების“ და „ავტორიტეტების“ მშრალი აკადემიური სტილისგან. იგი ახერხებდა რთული აზრების ლამაზად და დამაჯერებლად გადმოცემას, რომლის გაცნობისას გექმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი უბრალოდ გესაუბრება. მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში, ლექციებში, ინტერვიუებში ბაუმანი გვთავაზობს ისტორიული ცვლილებების ღრმა ანალიზს, რომელიც სამყაროში ბოლო ასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს ისეთ ოპოზიციებზე, როგორიცაა მყოფადობა - მოძრაობა, ტრადიცია - ნოვაცია, მდგრადობა - ცვალებადობა, კოსმოსი - ქაოსი, ვალდებულება - თავისუფლება. მას პირველ რიგში აინტერესებდა სამყაროს გლობალური დეფორმაციის პრობლემები, ცვლილებები, ძველი სოციალური, პოლიტიკური, კულტურული ფორმების ნგრევა და ახალი, მოულოდნელი, უცხო, ზოგჯერ შოკისმომგვრელის გაჩენა.

 

მყარი და მოწყვლადი მოდერნი

ზიგმუნტ ბაუმანი საკუთარ ნაშრომებში ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ ტრადიციული, აგრარული, ფეოდალური, ინდუსტრიამდელი საზოგადოების პირობებში და დაკავებული იყვნენ სოფლის მეურნეობით. შემდეგ ისინი გადავიდნენ მოდერნიზაციის ეპოქაში, გახდნენ მოქალაქეები, დაიწყეს მუშაობა ქარხნებსა და ფაბრიკებში, აღმოაჩინეს საკუთარი თავი კაპიტალიზმის, მოდერნის, ინდუსტრიული საზოგადოების პირობებში. ტრადიციულმა საზოგადოებამ, რომელიც ინდივიდების ცხოვრებას მკაფიოდ განსაზღვრავდა, რღვევა დაიწყო. მის ნაცვლად მოსულმა კლასიკურმა მოდერნმა გამოაცხადა დინამიური ღირებულებების პრიორიტეტი.  თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს მოძრაობა მკაცრად განსაზღვრული მიმართულებით ხორციელდებოდა. ასე წარმოიქმნა თანამედროვეობის „მყარი“, „მძიმე“, „მკაცრი“ (solid) მოდიფიკაცია - მოდერნი, ინდუსტრიული საზოგადოება. მოდერნი იგებოდა მკაცრი დისციპლინით: შეიმუშავებდა რა ახალ „დისციპლინარულ პრაქტიკებს“, იგი „ძველ წესრიგს“ ახალი, რეალიებისადმი უფრო შესაფერისით ცვლიდა. 

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ადამიანებმა დაიწყეს საუბარი პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე, პოსტმოდერნზე, გლობალიზაციაზე, მოხმარების საზოგადოებაზე. ზოგიერთი სოციოლოგი, მაგალითად იურგენ ჰაბერმასი მიიჩნევს, რომ მოდერნის პროექტი დღემდე არ დასრულებულა და პოსტმოდერნს „დაუსრულებელ მოდერნს“ უწოდებს. მათი აზრით, ტენდენციები, რომლებიც XXI საუკუნის დასაწყისის ცივილიზაციის სახეს ქმნიან, წარმოადგენს მოდერნის თვითგანვითარების პროდუქტს და მოდერნიზაციის ევოლუციური პროგრამის ზოგად კონტექსტში ეწერება. სხვები კი თვლიან, რომ კლასიკური მოდერნის საზოგადოება, აღზრდილი პროტესტანტიზმზე, განმანათლებლობაზე, სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციაზე, ისტორიაში დარჩა. ახლა ადამიანები ცხოვრობენ სრულიად სხვა სამყაროში, რომელსაც ახალი მიდგომა, ანალიზი და ინტერპრეტაცია სჭირდება. ბაუმანი ამბობდა, რომ „პოსტმოდერნი არ არის წარმავალი გადახრა მოდერნის ნორმალური მდგომარეობიდან“. იგი მოდერნისგან თვისებრივად განსხვავებული საზოგადოებაა, რომელიც არცერთ მანამდე არსებულ საზოგადოებას არ ჰგავს. ბაუმანი საზოგადოების ამ ფორმას „მოწყვლად მოდერნს“ უწოდებს (liquid modernity).[1] 

აღწერდა რა solid modernity-ს, ზიგმუნტ ბაუმანი აღნიშნავდა, რომ „მყარი მოდერნის“ ეპოქა წარმოადგენდა კაპიტალის და შრომის „ქორწინების“ ხანას. მშრომელები დამოკიდებული იყვნენ თავიანთ სამუშაოზე, რომელიც მათ არსებობის საშუალებას აძლევდა. თავის მხრივ კაპიტალიც დამოკიდებული იყო მშრომელების დაქირავებაზე, რომლის გარეშეც მას არ შეეძლო ზრდა. „მყარი მოდერნის“ ტიპიური მოდელია ფორდის ქარხანა, რომელშიც ადამიანები „საერთო საქმეს“ ემსახურებოდნენ და ყველა თავის ფუნქციას ასრულებდა. ინდივიდები ჩართული იყვნენ შრომის გადანაწილების სისტემაში, ხოლო მათი საქმიანობა ექვემდებარებოდა რეგლამენტს და კონტროლს. კოლექტიური ქმედების მიზანი დასახული იყო „გარედან“ და „ზემოდან“. სოციალური მართვის, დაგეგმარების და ნორმების ფორმირების მთავარ სუბიექტს სახელმწიფო წარმოადგენდა. ადამიანთა შრომა ასეთ საზოგადოებაში იყო მონოტონური და რუტინული, თუმცა სტაბილური და ხანგრძლივვადიანი. ადამიანები აგებდნენ ცხოვრების გეგმებს ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლით, ხანგრძლივვადიანი იყო მათი ვალდებულებებიც და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაც. მშრომელები, რომლებიც ქარხნებსა და ფაბრიკებში მუშაობდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი მთელი პროფესიული ცხოვრება ამ საწარმოებში გაივლიდა. დაფასებული იყო, თუ ადამიანი ერთი და იგივე საწარმოში მუშაობდა, ჰქონდა უწყვეტი სამუშაო სტაჟი, ითვლებოდა საკუთარი საქმის ოსტატად, გადიოდა პენსიაზე იმავე საწარმოდან, რომელშიც ახალგაზრდობაში დაიწყო მუშაობა. იქმნებოდა შრომითი დინასტიები, კულტივირდებოდა კოლექტივიზმი.   

დღეს, ბაუმანის აზრით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შრომის პირობები იცვლება მოულოდნელად, არ მისდევს მყარ ლოგიკას ან გასაგებ სქემებს. დევიზად იქცა „მოქნილობა“, რაც შრომის ბაზართან მიმართებით ნიშნავს ჩვეული შრომითი საქმიანობის დასასრულს, მოკლევადიან სამუშაო კონტრაქტებზე გადასვლას ან ყოველგვარი შეთანხმებული გარანტიების გარეშე მუშაობას. შრომითი ცხოვრება დატვირთულია განუსაზღვრელობით. მოულოდნელად ქრება პროფესიები, სპეციალობები, საწარმოები, წარმოების სექტორები. თანამედროვე ახალგაზრდა ადამიანი კარიერის განმავლობაში იძულებულია მრავალჯერ შეიცვალოს სამუშაო ადგილი. ბაუმანი ასეთ პოსტმოდერნს უწოდებს „მოდერნს ილუზიის გარეშე“.

პოსტმოდერნის ეპოქაში ხელმძღვანელი და მაკონტროლებელი დარჩა წარსულში და პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი თავად ატომიზირებულ ინდივიდებს დაეკისრათ. დღეს, როგორც ბაუმანი აღნიშნავს,  უბრალო, რიგითი ადამიანი თავისუფალია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისი ბედნიერების საწინდარი. მის ცხოვრებაში პრობლემები არ შემცირებულა, ხოლო გამოსავლის ძიება ინდივიდებს მარტო უწევთ. წარუმატებლობას კი მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებენ. სოციუმი გახდა ინდივიდუალიზებული,[2] ხოლო თანამედროვე საზოგადობა - რისკის საზოგადოება.[3] XXI საუკუნის დასაწყისის საზოგადოებაში სამეურნეო საქმიანობების ავტარქიულობა იმარჯვებს, მაშინ როდესაც სოციალური საწყისი სულ უფრო კარგავს მნიშვნელობას: ეთნიკური, ეროვნული, პოლიტიკური და ოჯახური კავშირები ეფემერულად იქცევა. სწორედ ამ მიზეზის გამო არის თანამედროვე საზოგადოება გაჟღენთილი ანტიჰუმანიზმით, ხოლო ადამიანი კი სულ უფრო დეზორიენტირებული, შეზღუდული და უუნარო.

ბაუმანის აზრით, მოდერნის სახელმწიფო უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის საყრდენს წარმოადგენდა. მოდერნი წარმოჩინდებოდა გონიერ და ჰუმანურ ცივილიზაციად. ცივილიზებული არსებობის მნიშვნელოვან ნიშნებად ითვლებოდა ტანჯვისა და სხვა უბედურებებისგან გათავისუფლება. ტანჯვისგან, მისი შიშისგან გათავისუფლებას უნდა მოეხდინა პიროვნების ფორმირება თავისუფლების პირობებში, ხოლო დამოუკიდებლობას ადამიანი საკუთარი ბედისწერის პატრონად გადაექცია. მოქმედების სუვერენული უფლება ეკუთვნოდა სახელმწიფოს, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს.    

მოგვიანებით მოხდა მოდერნის საზოგადოების სტრუქტურების ეტაპობრივი „გალღობა“. სისტემამ შეამცირა ზეწოლა ინდივიდზე. ახალ თაობას უკვე არ ეშინია „დიდი ძმის“ და სჯერა, რომ მეტანარატივები სამუდამოდ დამარცხებულია, ხოლო სახელმწიფოს ტოტალიტარული ამბიციები წარსულში დარჩა. თუმცა პარალელურად შეირყა რწმენა სამართლებრივი წყობილების დამყარებაში. დემოკრატიული ილუზიის კრახი განპირობებულია როგორც ადამიანის თვითდამკვიდრების შეუძლებლობით, ასევე ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი მმართველების გამო. ბაუმანი აღნიშნავდა, რომ საზოგადოების მხსნელ მისიაში რწმენა დღეს დანგრეულია. მისი აზრით, მყარი მოდერნიდან (solid modernity) მოწყვლად მოდერნამდე (liquid modernity) გადასვლაში მთავარ როლს თამაშობს ადამიანების, ფულის, სახე-ხატების და ინფორმაციის მოძრაობის სისწრაფე. „მოწყვლადი მოდერნის“ ტრაექტორიის გათვლა თითქმის შეუძლებელია. ბიოგრაფიის და კარიერის ხანგრძლივვადიან დაგეგმვას აზრი არ აქვს. დღეს მოქმედი „წარმატების ფორმულა“ სავარაუდოდ ხვალ არ იმუშავებს. ამ ვითარებაში უნდა მოახერხო სწრაფად გადაწყობა, გარემო პირობებზე და მის მოთხოვნილებებზე რეაგირება, ახალი ცოდნების და უნარების ათვისება, ნებისმიერი ცვლილებებისადმი მზაობა. როდესაც უახლოესი მომავალი განუსაზღვრელია, შორეულზე ფიქრის დრო არ არის. ცხოვრება მიმდინარეობს აწმყოში.

 

გლობალიზაცია, მობილურობა, მიგრაცია

 „მყარი მოდერნი“ გამოირჩეოდა „უძრავი“ ტიპის გიგანტომანიით. სახელმწიფოს სიძლიერეს დიდწილად მისი ტერიტორია განსაზღვრავდა. სივრცისა და რესურსებისთვის მიმდინარეობდა ომები, იპყრობდნენ კოლონიებს, იქმნებოდა იმპერიები, ხდებოდა ტერიტორიების „შემოსაზღვრა“, იგებოდა უზარმაზარი ქარხნები, ცათამბჯენები და ა.შ. დედამიწის ზედაპირი ეროვნულ სახელმწიფოებს შორის გავლენის და კონტროლის ზონებად იყოფოდა. საზღვრები ჩაკეტილი იყო და რეალურ წინაღობას წარმოადგენდა აქტუალური თუ პოტენციური სოციალური კომუნიკაციებისთვის. 

ბაუმანი თვლის, რომ ისტორიის ეს ფურცელი XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე შეგვიძლია გადავფურცლოთ. მისი აზრით მომავალი ეკუთვნის გლობალიზაციის ძალებს, რომლებიც თავიანთი ბუნებით ექსტერიტორიულია. ვინც ადგილზე დარჩება, ყველაფრის დაკარგვით რისკავს. მოიგებს ის, ვინც სწრაფად გადაადგილდება. იდეები, ინოვაციები და ფინანსური საშუალებები სამყაროში ელექტრონული წერილის და საბანკო გადარიცხვის სისწრაფით მოძრაობენ. კაპიტალს არ აქვს სამშობლო, იგი მიდის იქ, სადაც უკეთესი პირობები და ზრდის საშუალებაა. ლიდერ პოზიციებს რაციონალურ ქცევით სტრატეგიებში იკავებს „ცხოვრების მომთაბარე წესი“, ხოლო ლოკალურ სივრცეზე დამოკიდებულება, მყარი სოციალური კავშირები და ვალდებულებები არააქტუალური ხდება. ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსტერიტორიულ სუბიექტებს და ორგანიზაციებს გადაეცემა.

ზიგმუნტ ბაუმანი (ისევე როგორც ენტონი გიდენსი, რიჩარდ სენეტი, მანუელ კასტელსი და სხვები) თვლიდა, რომ თანამედროვე სამყაროში საფუძვლიანად შეიცვალა კაპიტალის, შრომის და პოლიტიკური ინსტიტუტების ურთიერთობა. კაპიტალი გახდა ექსტერიტორიული, „მსუბუქი“, კომპაქტური, ხოლო მის მიერ მიღწეული სივრცითი მობილობის უნარი გარკვეულ ტერიტორიაზე მიბმული, პრეტენზიების წაყენების მსურველი პოლიტიკური ინსტიტუტების შანტაჟისთვის საკმარისია. მოიშორა რა აღჭურვილობის და მრავალრიცხოვანი პერსონალის ტვირთი, კაპიტალი მოგზაურობს მსუბუქად - ჩემოდნით, პორტატული კომპიუტერით და მობილური ტელეფონით.

 

მოწყვლადი მოდერნის ომი

თანამედროვე ომების სპეციფიკაზე საუბრისას ბაუმანი აღნიშნავდა, რომ დღეს შეიცვალა თავად ომის წარმოების არსი, მოხდა ძველი სამხედრო პარადიგმის ნგრევა: ტერიტორიის დაკავება, როგორც სამხედრო მონაპოვარი, არავის აინტერესებს. თავისუფალი პოსტმოდერნი ცდილობს მოარღვიოს ბარიერები, იზოლაცია, კედლები. ქვეყანა, რომელიც დღეს თავს იცავს „რკინის ფარდით“, „იმპორტის ჩანაცვლებით“, „სანქციებით სანქციების წილ“ მსოფლიოს თვალში მხოლოდ ქილიკს იწვევს, ხოლო აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეროვნულ ეკონომიკაზე, საბანკო სფეროზე, საინვესტიციო სივრცეზე ზუსტი დარტყმებით ისჯება. „პროგრესული პროექტი“ - გლობალური პროექტია, ხოლო ექსპანსიის შეზღუდვა თავად პროგრესთან დაპირისპირებად ითვლება. ამიტომაც, ბაუმანის აზრით, ნებისმიერი თანმიმდევრული იზოლაციონისტური პოლიტიკა  დამარცხებისთვის განწირულია. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარებისთვის დღევანდელ სამყაროში აუცილებელია თანამედროვე კომუნიკაციები და ფინანსური ინსტიტუტები, მდიდარი მოსახლეობა, საქონლის შეძენის შესაძლებლობა, განათლებული და კვალიფიციური ადამიანები, რომელთაც წარმოების ახალი სფეროების ათვისების უნარი აქვთ. ბაუმანი აღნიშნავდა, რომ პოსტმოდერნის ეპოქაში აქტიურად ვითარდება პოლიტიკიდან ჩამოშორების პროცესი: იკლებს ინტერესი პოლიტიკური მოძრაობებისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, ხელისუფლებათა შემადგენლობისა და პროგრამებისადმი, იდღაბნება პოლიტიკური იდეოლოგიები, მცირდება მოქალაქეთა მონაწილეობის მასშტაბი პოლიტიკურ ღონისძიებებში. ითვლება, რომ „მოქალაქეს“ უნდა აღელვებდეს მხოლოდ მოკლევადიანი მიზნები - გადასახადების შემცირება ან პენსიის ზრდა, ქუჩაში კრიმინალთან ბრძოლა ან საკვები პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება. ხანგრძლივვადიანი გეგმები „სამართლიანი საზოგადოების“ შესახებ პოპულარობით არ სარგებლობს.

საზოგადოებაში მოხმარებაზე ორიენტაციის გაძლიერებით სოციალური ინტეგრაცია სულ უფრო ხდება ბაზრის მიმზიდველი ეფექტის ხარჯზე, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩაბმის დონე მცირდება. პოლიტიკური ბატონობის მიღწევა ხდება კულტურული ჰეგემონიის გარეშე. კულტურის სახელმწიფოსგან გამოყოფით კულტურული ელიტები კარგავენ ყოფილ პოლიტიკურ გავლენას. მმართველი ბაზარი კი არ აღიარებს იერარქიებს, მას მხოლოდ საქონლის გაყიდვა აწუხებს.

ბაუმანი აღნიშნავდა, რომ ძალაუფლება დღეს სულ უფრო მოწყდა პოლიტიკას. ძალაუფლება გლობალური და ექსტერიტორიულია. პოლიტიკა ტერიტორიული და ლოკალური. ძალაუფლება მიედინება - პოლიტიკური ინსტიტუტები ადგილზე რჩება.

„კერძო“ შეიჭრა საზოგადოებრივის ტერიტორიაზე, თუმცა არა მასთან თანამშრომლობის მიზნით. „უბრალო ადამიანების“ სატელევიზიო აღიარებები, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების, პოლიტიკოსების და სხვა ცნობილი პირების პირადი ცხოვრების შესახებ „ექსკლუზიური“ საგაზეთო ჭორები იქცა საჯარო გაკვეთილებად, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების სიცარიელეს აჩვენებს. დღეს მარტოსული ადამიანები მიდიან აგორაზე იმისთვის, რომ მათი მსგავსი მარტოსულების კომპანიაში იყვნენ და სახლში საკუთარ მარტოსულობაში კიდევ უფრო დარწმუნებულები დაბრუნდნენ.

თანამედროვე ძალაუფლება საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ქაოსს, რაციონალური მმართველობის არარსებობას. იგი ხელქვეითებს გადაწყვეტილებების ინდივიდუალურად მიღების საშუალებას აძლევს. შესაბამისად სასურველი შედეგების მიუღწევლობაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეუძლიათ. რაც უფრო მოიცავს ადამიანს მომავლის შიში, მით უფრო უკეთ იგრძნობს თავს სახელმწიფო. ინდივიდს შთააგონებენ, რომ ყოფიერება უიმედოა და მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს. ამ პირობებში ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ ახლა, მარადიულ აწმყოში, ყველაფერი ტრიალებს საკუთარი „მეს“ და პირადი ცხოვრების ირგვლივ. 

თანამედროვე სამყაროს მოქალაქეები არიან ინდივიდები ბედისწერის გამო. ბაუმანი ამტკიცებდა, რომ მათი ინდივიდუალურობა არ არის მათი არჩევანის შედეგი. დღევანდელი ადამიანი ამოდის იქიდან, რომ თუ ცხოვრების საკუთარი შეხედულებისამებრ მოწყობა შეიძლება, მაშინ საზოგადოების კანონები საფუძვლიან რეფორმირებას მოითხოვს. მსგავსი განცდა იქმნება ერთი მხრივ პრობლემების, გეგმების და მისწრაფებების ძლიერი ინდივიდუალიზაციით, ხოლო მეორე მხრივ ეროვნული სახელმწიფოს უფლებამოსილებების შემცირებით. თანამედროვე პოლიტიკური სუვერენიტეტი მხოლოდ აჩრდილია წარსულის სახელმწიფოების მრავალწახნაგოვანი ავტონომიის. დღევანდელ სახელმწიფოებს იშვიათად შეუძლიათ გლობალიზებულ კაპიტალს წინააღმდეგობა გაუწიონ.

შედეგად, ერთი მხრივ სახეზე გვაქვს ადამიანთა ინტერესის კლება საერთო საქმის მიმართ. ამას ხელს უწყობს სახელმწიფო, რომელიც მზადაა სულ უფრო მეტი ვალდებულება გადააბაროს კერძო ინტერესების სფეროს. მეორე მხრივ, იზრდება სახელმწიფოს უუნარობა გადაჭრას პრობლემები საკუთარ საზღვრებშიც კი. მას არ შეუძლია დაამკვიდროს დაცულობის ნორმები, კოლექტიური გარანტიები, ეთიკური პრინციპები, რომლებიც დაუცველობის და განუსაზღვრელობის განცდებს შეამსუბუქებენ. ამ პროცესების შედეგია მზარდი უფსკრული „საზოგადოებრივს“ და „კერძოს“ შორის, მათ შორის დიალოგის შეწყვეტა, რომელიც პოლიტიკისთვის ცხოვრებისეულ ძალას წარმოადგენს.

გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფო და ეროვნული წინაღობები აზრს კარგავენ. იქმნება ადამიანთა ერთობის ახალი ფორმები, რომლებიც ეფუძნება არა ოჯახურ, ეთნიკურ, ეროვნულ საფუძველს, არამედ პროფესიულ, მეგობრულ, კომუნალურ და სხვა კავშირებს. უმცირესობათა ავტონომიური და თვითმყოფადი არსებობის საფუძველზე ფორმირდება საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი მეთოდი - „ახალი ტრაიბალიზმი“, დიასპორების კალეიდოსკოპი. ახალ პირობებში საზოგადოება არაპროგნოზირებადად ვითარდება.

ბაუმანს ხშირად უწოდებდნენ გლობალიზაციის კრიტიკოსს, თუმცა ჩემი აზრით, ეს სინამდვილეს სრულად არ შეეფერება. იგი გლობალიზაციას განიხილავდა მოცემულობად, მოძრაობად, ობიექტურ პროცესად. ეს პროცესი შეიძლება გაკრიტიკდეს, მას არ დაეთანხმო, არ გაითვალისწინო, დაინახო მასში ნეგატიური, უარყოფითი, საშიში. თუმცა შეუძლებელია არ აღიარო, რომ გლობალიზაცია ვითარდება სტიქიურად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] Bauman Zygmunt. Liquid Modernity. Cambridge: Polity Press; 2000

[2] Bauman Zygmunt. The Individualized Society. Cambridge: Polity Press; 2001

[3] Beck Ulrich. Risk Society – Towards a new Modernity. SAGE Publications Ltd; 1992