ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტებაა გაკეთებული. სახალხო დამცველის ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულ საპოლიციო რეიდს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლის ფარგლებშიც პოლიციამ შეაჩერა და ადმინისტრაციული წესით დააკავა ზვიად რატიანი.

ანგარიშის მიხედვით ზვიად რატიანის დაკავების პროცესში “პოლიციელებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი ფიზიკური ძალა, რაც სხეულის არაერთ დაზიანებაში აისახა. პოლიციელები არ იყვნენ აღჭურვილი სამხრე ვიდეოკამერებით. დაკავების პროცესი მათ არც მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღიათ. შესაბამისად, დაკავების პროცესის დოკუმენტირებაზე უარის თქმის გამო, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები გამოყენებული ფიზიკური ძალის კანონიერებასა და პროპორციულობასთან დაკავშირებით.”

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ზვიად რატიანის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები მოქმედებდნენ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლი ვრცელდებოდა, ისინი არ ახორციელებდნენ ვიდეოგადაღებას. ამ საკითხზე, როგორც ცნობილია, ასევე იმსჯელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. EMC-ის მიმართვის საფუძველზე, ინსპექტორმა შეაფასა პოლიციის მხრიდან პირადი მობილური ტელეფონით დაკავებული ზვიად რატიანის თვითნებური გადაღების და შემდგომში ამ ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის ფაქტი. ინსპექტორმა ორივე ნაწილში დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კანონის მოთხოვნების დარღვევა და სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის სასამართლო განხილვაზეც. ანგარიშის მიხედვით: “არცერთმა ნეიტრალურმა მოწმემ არ დაადასტურა დაკავების პროცესამდე ზვიად რატიანის მხრიდან წესრიგის დარღვევა.” ანგარიშში ასევე აღნიშულია, რომ “ზვიად რატიანის საქმის განმხილველმა ორივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, არავის ევალება საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 იანვრის დადგენილებაში სახალხო დამცველის მიერ მითითებულ საკითხებზე საერთოდ არ იმსჯელა. შედეგად, უყურადღებოდ დარჩა კანონის პირდაპირი მოთხოვნის დარღვევა, ხოლო გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო.”

სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეფასებები ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, მიუთითებს რომ ორი ინსტანციის სასამართლოში რატიანის წინააღმდეგ საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალის კანონიერებაზე. სასამართლომ ასევე კრიტიკულად არ შეაფასა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ამ საქმეზე გაკეთებული წინააღმდეგობრივი და შეუსაბამო განმარტებები. საერთო ჯამში კი, სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისას ორივე ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო პრობლემურ და არადამაჯერებელ მტკიცებულებებს.

როგორც ცნობილია, ზვიად რატიანის დაზიანებებთან დაკავშირებით, პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურებულია ზვიად რატიანის მრავლობითი დაზიანებები თავსა და სხეულზე, ასევე გამოკვეთილია სხვა საეჭვო გარემოებები საქმეში (მაგალითად, იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მანქანაში რატიანის დაყოვნება ერთ საათზე მეტ ხანს), მას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი, კიდევ უფრო აძლიერებს საქმეზე მიმდინარე გამოძიების ობიექტურობის მიმართ ეჭვებს.