ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიება გაჭიანურებულია. საგამოძიებო მოქმედებები 4 თვეზე მეტია გრძელდება. საქმეში არსებული მტკიცებულებების სიმრავლის მიუხედავად, ზვიად რატიანს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ასევე, არ დამდგარა საქმეში მონაწილე არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების საწყის ეტაპზე არსებული გამოძიების ტემპები და ინტენსივობა კი არსებითად შემცირებულია. ხსენებული გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს ნების არსებობას, რომ საქმეზე ჩატარდეს რეალური და მიუკერძოებელი გამოძიება.

ზვიად რატიანის საქმეზე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავების პროცესში, პოლიციელებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი ფიზიკური ძალა, რაც სხეულის არაერთ დაზიანებაში აისახა. ანგარიშის მიხედვით “საზოგადოებაში დღემდე არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები გამოყენებული ფიზიკური ძალის კანონიერებასა და პროპორციულობასთან დაკავშირებით.”

გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნო სამართალდამრღვევად, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის პირადი მობილური ტელეფონით გადაღების და შემდგომში, ვიდეო მასალის მედიისთვის გადაცემის ფაქტის გამო. ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონი არ შეესაბამება იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის, სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს. ინსპექტორი ასევე უთითებს, რომ შსს-ს არ ჰქონდა სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალის (ვიდეო ჩანაწერის) მედიისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება.

რაც შეეხება ზვიად რატიანის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გარემოებებს:

  1. დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია - ზვიად რატიანის საქმის გამოძიებას 2017 წლის 24 დეკემბრიდან აწარმოებს თბილისის პროკურატურა. გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი), რაც არ წარმოადგენს მომხდარის სწორ სამართლებრივ შეფასებას და კვალიფიკაციას. უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიების წარმოება, ყურადღების მიღმა ტოვებს, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირისთვის, განზრახ დამამცირებელ მოპყრობას, ფიზიკური ტკივილის მიყენებით;
  2. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი - EMC-იმ ოთხჯერ მიმართა პროკურორს რატიანის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა ყველა შემთხვევაში უარი მიიღო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. საქმის პროკურორის ყველა უარი ძალაში დატოვა ზემდგომმა პროკურორმა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად რატიანს და მისი ინტერესების დამცველს აქვთ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი, კიდევ ერთხელ ავლენს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ნების არარსებობის პრობლემას;
  3. გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესი - პროკურატურას ამ დრომდე არ აქვს ან არასაკმარისად აქვს ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. საქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ეპიზოდია დროებითი მოთავსების იზოლატორთან ზვიად რატიანის დაყოვნება ერთ საათზე მეტ ხანს. ზვიად რატიანის ახსნა-განმარტების მიხედვით, პოლიცია მას სცემდა ავტომობილში და დროებითი მოთავსების იზოლატორის პარკინგზე, იზოლატორში შეყვანამდე. საქმეში არსებული ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ იზოლატორში შეყვანამდე, რატიანი გაურკვეველი მიზეზებით, ერთ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა პოლიციის ავტომობილში. თუმცა, გამოძიებას არასაკმარისად აქვს გამოკვლეული დაკავებულის პოლიციის ავტომობილში დაყოვნების მიზეზი და ამ დროის განმავლობაში, ავტომობილში განვითარებული მოვლენები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, EMC მიმართავს თბილისის პროკურატურას:

  • შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია და გამოძიება წარმართოს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით;
  • შემდგომი გადავადების გარეშე, მიანიჭოს ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი;
  • დროულად ჩაატაროს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე ბრალდებულების გამოკვეთის შესახებ;

დამატებით, EMC იწყებს სამართლებრივ პროცედურას, შსს-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული და კანონის დარღვევით მედიისთვის გადაცემული ვიდეო ჩანაწერებით, ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამ მიზნით EMC ამზადებს სარჩელს, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოში.