Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 31,850 USD

ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს - „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნებ და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“.

პროექტის მიზანია, სამოქალაქო აქტივისტების, მკვლევრებისა და არტისტების მობილიზება  მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრისა და ჩაგვრის მიზეზების კვლევისათვის. პროექტის ფარგლებში, მოხდება მკვლევრების, აქტივისტებისა და ხელოვანების, მხარდაჭერა, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფინანსური და ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით, რათა მონაწილეებმა შეძლონ სოციალური უთანასწორობის, ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ კულტურულად მარგინალიზირებული ჯგუფების, მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების თემაზე კვლევებისა და სოციალური არტ-პროდუქტების მომზადება და ადვოკატირება სოციალური ცვლილებებისთვის.

პროექტის პირველ ეტაპზე, EMC გამოაცხადებს ღია საგრანტო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 მკვლევარი. მკვლევრები 4 თვის განმავლობაში, სათანადო მეთოდოლოგიის დახმარებით, გააანალიზებენ არსებულ ჰეგემონიურ პოლიტიკასა და სოციალურ რეალობას და შეისწავლიან მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების ჩაგვრის პრაქტიკებს.

პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს კვლევისას მიღებული მიგნებებისა და რეკომენდაციების რეალობაში განხორციელების მხარდაჭერას. ამისათვის, ღია საგრანტო კონკურსის გზით, EMC შეარჩევს სოციალური არტ-პროდუქტის (მულტიმედია, ქუჩის არტი და ა.შ.) 5 იდეას, რომელშიც კვლევის  შედეგად შემუშავებული კონცეფციებისა და მიგნებების ჩვენებასა და აქტუალიზებას მოახდენს. პროექტი ითვალისწინებს შერჩეულ არტისტებთან თეორიულ მუშაობას და მათი ცოდნის გაძლიერებას, რაც გულისხმობს, სამუშაო პროცესში მკვლევრების აქტიურ მონაწილეობას. პროექტის მეორე ეტაპზე შექმნილი პროდუქტები გათვლილი იქება მოსახელობის ფართო სეგმენტზე და შეეცდება სოციალური ცვლილებების წახალისებას

პროექტის ბოლოს, გაიმართება შემაჯამებელი სადისკუსიო ფორუმები საქართველოს 4 სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ფორუმებზე გაიმართება კვლევებისა და სოციალური არტ-პროდუქტების პრეზენტაცია და  საჯარო დისკუსიები.

პროექტის ფარგლებში, EMC გააგრძელებს ბლოგ-პოსტების გამოქვეყნებას, რომელიც მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების ალტერნატიული ხედვით გააზრების მცდელობა იქნება. ამასთან, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, EMC გააგრძელებს საჯარო დისკუსიების ციკლის ორგანიზებასა და თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ასევე ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ტექსტების თარგმნას ქართულ ენაზე. ასევე, NED-ის პირველი პროექტის ფარგლებში შექმნილი ბიბლიოთეკა, შეივსება ახალი წიგნებით.

პროექტის ხანგრძლივობა: ნოემბერი 2015 - ივლისი 2016;

პროექტის ბიუჯეტი: 31,850 აშშ დოლარი.