Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 25 000 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა: 2018-2019 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვემო ქართლსა და პანკისში ადგილობრივი აქტივისტების მონაწილეობით კრიტიკული ცოდნის, დიალოგის და კოლექტიური ქმედების პლატფორმების შექმნას. პროექტში დაგეგმილი სამუშაოების მიზანი კრიტიკული თეორიული ცოდნის გაზიარების მიღმა, ჩაგრულ რეალობაზე რეფლექსირების და პოლიტიკური თვითგამორკვევის პროცესის ხელშეწყობაა. დიალოგზე და ნდობაზე დაფუძნებული კოლექტიური განსჯის პროცესი მიმართული იქნება გაბატონებული პოლიტიკური და სოციალური სისტემების კრიტიკაზე და ადგილობრივ საჭიროებებზე, წუხილებზე და ინტერესებზე ორიენტირებული ავთენტური დღის წესრიგის შექმნაზე.  

პანკისის ხეობაში და ასევე ქვემო ქართლში იკვეთება თვით-განსაზღვრისა და კრიტიკული პოლიტიკური ცნობიერების გაჩენისა და წინააღმდეგობის საინტერესო პროცესი, რომელიც სხვა აქტივისტური ჯგუფებისგან სათანადო აღიარებას, დიალოგსა და თანამშრომლობას საჭიროებს. პროექტის მიზანი რეგიონებში მიმდინარე სოციალური ცვლილებების პროცესების დემოკრატიული მხარდაჭერაა. 

პროექტის ფარგლებში ქალაქ მარნეულში და სოფელ დუისში ადგილობრივი აქტივისტებისთვის ორგანიზდება კრიტიკული პოლიტიკის სკოლები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექციების და დისკუსიების ხანგრძლივი ციკლი სოციალური სამართლიანობის საკითხებზე პოლიტიკის და სოციალური მეცნიერების, ასევე ისტორიის და ფილოსოფიის პრიზმიდან. ლექციების ციკლი წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის იქნება განკუთვნილი და კოლექტიური ფიქრისა და პოლიტიკური გაცნობიერების სივრცეს შექმნის. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ აქტივისტებსა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე თვითორგანიზებულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხიდების მშენებლობის ხელშეწყობას. ამასთან პროექტის ფარგლებში დაიგეგმება ადგილობრივი თვითორგანიზებული ჯგუფების მიერ საერთო საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრისკენ ორიენტირებული სამუშაოები.  

კრიტიკული პოლიტიკური სკოლების იდეა ადგილობრივ თვითორგანიზებულ აქტივისტურ ჯგუფებთან კოლექტიური დისკუსიების დროს დაიბადა და პროექტიც მათთან ერთად ჩართული ორგანიზების მიდგომებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტს EMC პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფთან და ქვემო ქართლში ახალგაზრდა აქტივისტების საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის ბიუჯეტი: 25 000 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა:  08.11.2018 - 08.08.19