Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 1,027,600 GEL

ხანგრძლივობა: 2018-2022 წელი

2018 წლის მარტიდან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ „შვედური ასოციაცია სექსუალური განათლებისთვის“ (RFSU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ლგბტი პირთა უფლებების გაძლიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივისტთა მხარდაჭერა“.

პროექტი მიზნად ისახავს გენდერისა და სექსუალობის შესახებ თეორიული და პოლიტიკური ცოდნის წახალისებასა და გავრცელებას, აქტივისტებისა და ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერას და მათ ცოდნით აღჭურვას. აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტი მოიაზრებს კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის კურსის განხორციელებასა და მასშტაბური „ქვიარ ფორუმების“ ორგანიზებას, რომელთა მთავარი ამოცანაა დღის წესრიგში დააყენოს დღეს არსებული ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკის გადააზრების საჭიროება და ხელი შეუწყოს კრიტიკული თეორიული ჩარჩოს განვითარებას, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული. აღნიშნულის განხორციელებას EMC პროექტის ფარგლებში სექსუალობის საკითხებზე ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ნაშრომების თარგმანებითა და ადგილობრივი მკვლევარების წახალისების გზით მოახდენს, სტატიათა კრებულების შექმნისა და საჯარო დისკუსიების ორგანიზების გზით.

ამასთან, პროექტი ემსახურება ლგბტქი ადამიანთა და მარგინალიზებულ ქალთა ჯგუფების უხილავი და საბაზისო პრობლემების იდენტიფიცირებას/კვლევას/შესწავლასა და მათი უფლებებისთვის ადვოკატირებას. აღნიშნული მიზნით, EMC განახორციელებს მასშტაბურ რაოდენობრივ კვლევას ლგბტქი ადამიანთა სოციო-ეკონომიკურ მოწყვლადობაზე, რომელიც მოემსახურება პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ რეგისტრში აღნიშნულ ჯგუფთა საჭიროებების ანალიზსა და მათი უფლებებისთვის ბრძოლის დღის წესრიგის გაძლიერების ხელშეწყობას.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნას ლგბტქი ადამიანთა და ქალთა საკითხებზე ცოდნის იმგვარი რესურსი, რომელიც არსებულ  წუხილებს პოლიტიკაში გადმოთარგმნას და რეალური და ქმედითი პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.  პროექტის ფარგლებში, EMC მოახდენს საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, რომელიც ლგბტქი ადამიანთა და ქალთა საჭიროებებისთვის პოლიტიკის ცვლილებასა და პოლიტიკის შემქმნელების ცოდნითა და მგრძნობელობით აღჭურვას მოემსახურება.

ამასთან, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებულ ქალთა SRHR საჭიროებათა იდენტიფიცირებას და მათ დღის წესრიგში დაყენებას. აღნიშნული მიზნით, EMC მოახდენს ეთნიკურ უმცირესობათა ქალების ძირითადი საჭიროებების კვლევას, ანალიზსა და მათთვის მხარდამჭერი შეხვედრების ორგანიზებას.

პროექტის ფარგლებში EMC შეეცდება შეცვალოს საუნივერსიტეტო სივრცის მიდგომა SRHR საკითხებთან დაკავშირებით, რა მიზნითაც ორგანიზაცია მოახდენს ზემოაღნიშნულ საკითხებზე სილაბუსების მომზადებას სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის, რაც ცოდნის ფორმალიზებასა და მის გავრცელებას შეუწყობს ხელს ახალგაზრდებსა და ზოგად მოსახლეობაში.

EMC ზემოაღნიშნულ აქტივობათა განხორციელებას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიასთან და ლგბტქი სათემო ორგანიზაციებთან/აქტივისტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოოპერაციის გზით.

აღსანიშნავია, რომ RFSU გამორჩეული პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პროექტული აქტივობების მხარდაჭერის გარდა, აქტიურად უჭერს მხარს EMC-ის ინსტიტუციურ განვითარებას.