Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 39,865.62 USD

ხანგრძლივობა: 2020-2021 წელი

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2020 წლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაისობის მხარდაჭერა საქართველოში“ (Prolog) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: “მარგინალიზებული ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების პირობების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“.

EMC-ის დაკვირვებებმა და კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები ერთის მხრივ უკავშირდება ინსტიტუციონალურ და საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებულ უთანასწორო მოპყრობას და, მეორე მხრივ, დისკრიმინაციულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის მიზანია არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვა, კომპლექსური და სექტორთაშორისი სტრატეგიული სამართალწარმოებების, საველე სამუშაოების, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს შემდეგ კონკრეტულ ამოცანებს:

  • რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების უფლებრივი გაძლიერება შესაბამის რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, სტრატეგიული სამართალწარმოების გზით;
  • მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, საველე ვიზიტებითა და მობილური იურიდიული კლინიკის დახმარებით.

პრობლემის გადასაჭრელად და ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, EMC გამოიყენებს შემდეგ მიდგომებს:

პროაქტიული მიდგომა - EMC-ის სტრატეგიული სამართალწარმოების კონცეფცია გულისხმობს ინტენსიურ, პროაქტიულ კომუნიკაციას ბენეფიციარებთან და საველე ვიზიტებს პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. ამ ეტაპის შემდგომ, ორგანიზაცია იწყებს სასამართლო საქმეების წარმოებას გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის მიზნით. ჩვენი მიდგომა გულისხმობს, ბენეფიციარებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებას, შესაბამისად პროექტის გუნდი პირდაპირ მიმართავს ბენეფიციარებს და არ ელოდება სანამ ისინი მიმართავენ ორგანიზაციას.

საჭიროებებზე დაფუძნებული სტრატეგიული სამართალწარმოება - ეფექტური სამართალწარმოებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და სტრატეგიული სამართალწარმოების დაგეგმვა ადგილობრივი თემების ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ადგილობრივ საზოგადოებაში ნდობის აღდგენა და სამართლებრივი მექანიზმებისადმი ნდობის გაზრდა - აღნიშნული მიდგომა აქტიურად იქნება გამოყენებული აჭარაში მობილური კლინიკებისა და იურიდიული კონსულტაციების მუშაობის ფარგლებში, სადაც ორგანიზაცია ეცდება უპასუხოს საზოგადოების ფართო მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვგეგმავთ გავზარდოთ ჩვენი იურიდიული ჩარევის არეალი მაღალი სოციალური ინტერესის შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა მკაცრად არ იყოს დაკავშირებული რელიგიური დისკრიმინაციასთან.