Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 47,768.85 USD

ხანგრძლივობა: 2014-2015 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2014 წლის 10 ივლისიდან ახორციელებს ახალ პროექტს - “სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ”. პროექტი დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებული, დაბალანსებული და გამჭვირვალე სისტემის შექმნის მხარდაჭერას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის ფარგლებში EMC განახორციელებს:

  • ადგილობრივი სამართალდამცავი სფეროს სისტემურ ანალიზს;
  • შეისწავლის ევროკავშირის სტანდარტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით მოდელებს;
  • მოამაზდებს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფციას.

პროექტის განხორციელების დროს ყურადღება გამახვილდება ინსტიტუციური მოწყობისა და კომპეტენციების განაწილების თემებზე. კერძოდ, შესწავლილი იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: სამართალდამცავი ორგანოების ორგანიზება და დაკომპლექტება, სამართალდამცავი სისტემის კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმები, ინტერესთა კონფლიქტისა და პოლიტიკური გავლენების შესაძლებლო ფორმები, გამჭვირვალობის სტანდარტები, საგამოძიებო შესაძლებლობები, პოლიციის რეპრესიული და პრევენციული ფუნქციები, ოპერატიული და სხვა სახის საპოლიციო ღონისძიებები.

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელების პერიოდი ემთხვევა მიმდნარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესს, პროექტის გუნდი ითანამშრომლებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან. თემის ადვოკატირების მიზნით, პროექტის გუნდი მედიარესურსებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით გაავრცელებს ბლოგებსა და ანალიტიკურ სტატიებს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის საჭიროებებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით, ასევე ითანამშრომლებს მედიასთან თემის აქტიურად გაშუქების მიზნით.

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2014 - ივლისი 2015;

პროექტის ბიუჯეტი: 47,768.85 აშშ დოლარი.