Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 47 509 USD

ხანგრძლივობა: 2018-2019 წელი

2018 წლის 2 აპრილიდან, EMC ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სამართალდამცავ სისტემაში ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობა, კონსტიტუციური ცვლილებების შუქზე კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის მხარდაჭერა. ამ მიზნით, EMC გეგმავს:

  • პროკურატურის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილების ადვოკატირებას;
  • საგამოძიებო სისტემის და საპოლიციო დანაყოფების რეფორმირების ადვოკატირებას;

პროექტის აქტუალურობა განპირობებულია ბოლო კონსტიტუციური რეფორმით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა პროკურატურის კონსტიტუციური ადგილი სახელისუფლებო ვერტიკალში და აგრეთვე წარმოიშვა საჭიროება, ახლებურად - ორგანული კანონის დონეზე - მოწესრიგდეს მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, პროკურატურის საპარლამენტო ანგარიშვალდებულის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  

პროკურატურის რეფორმის პარალელურად, EMC განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. სამინისტროს ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით უკვე დაანონსებული აქვს, მათ შორისაა  საპოლიციო დანაყოფების სტრუქტურული რეფორმირება და მოდერნიზაცია.

პროექტის ფარგლებში, EMC განახორციელებს როგორც კვლევით, ისე საადვოკაციო საქმიანობას, მათ შორის:

  • გამოავლენს იმ ძირითად საკითხებს, რაც პროკურატურის სისტემაში ახლებურ მოწესრიგებას საჭიროებს კონსტიტუციური რეფორმის შესაბამისად;
  • საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით, მოამზადებს მიმოხილვის დოკუმენტს იმ ქვეყნების კანონმდებლობაზე, სადაც ქართული კონსტიტუციური მოდელის მსგავსად არის გადაწყვეტილი პროკურატურის ინსტიტუციური ადგილი და მისი ძირითადი ბუნება;
  • კვლევაზე დაყრდნობით და აკადემიის, საექსპერტო წრეებისა და შესაბამის უწყებებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, შეიმუშავებს რეკომენდაციებს „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე;
  • განხორციელებული კვლევის საფუძველზე, მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებებს საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე;
  • მოამზადებს თემატურ პოლიტიკის დოკუმენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაზე, საკადრო პოლიტიკისა და გენერალური ინსპექციის რეფორმირებაზე;
  • საკანონმდებლო რეფორმების ადვოკატირების პროცესში, ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან და საქართველოს პარლამენტთან. ასევე გამართავს თემატურ სამუშაო შეხვედრებს გამომძიებლებსა და პროკურორებთან.

პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.