"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" იწყებს ავტორთა შერჩევას, რომლებიც მოამზადებენ ანალიტიკურ სტატიებს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ აქტუალურ და კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. სტატიების მომზადების მიზანია, გაძლიერდეს არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე მიმდინარე დისკუსიებში მყარად გამოიკვეთოს უფლებრივი განზომილებები და პერსპექტივები, გაჩნდეს ახალი ორიენტირები მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმირებისთვის. მომზადებული სტატიები გაერთიანდება და გამოიცემა ონლაინ კრებულში, რომლის პრეზენტაციაც 2020 წელს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო პოლიტიკასა და ადვოკატირებაში ჩართულ პირებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პრაქტიკოს იურისტებს.

ნაშრომის თემატიკა უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი აქტუალური საკითხებიდან ერთ-ერთს:

  • მოწყვლადი/მარგინალიზებული ჯგუფების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების სისტემაზე - სასამართლოს სენსიტიზაციის პრობლემები;
  • ნდობის კრიზისი და სასამართლოს ლეგიტიმაციის საკითხები;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი -მართლმსაჯულების რეფორმის შედეგები და პერსპექტივები;
  • გარემოს დაცვა და სასამართლო;
  • მართლმსაჯულება და მედია.

ავტორი თავად არჩევს დასახელებული თემატიკიდან ერთ-ერთს და დამოუკიდებლად განსაზღვრავს ნაშრომში განსახილველი საკითხის კონკრეტულ მიმართულებას.

დაინტერესებულმა პირებმა, 2019 წლის 27 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ მითითებული სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/33mGFhs 

განაცხადების გადარჩევის შემდეგ, EMC-ის მიერ შერჩეულმა ავტორებმა, 2019 წლის 20 დეკემბრამდე უნდა მოამზადონ სტატია, ორგანიზაციასთან წინასწარ შეთანხმებული აბსტრაქტისა და თემატიკის მიხედვით.

სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე. ნაშრომი არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული სხვა ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში.

ავტორთა შერჩევისას EMC იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • განმცხადებლის გამოცდილება (წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით);
  • განმცხადებლის მიერ შერჩეული საკითხის აქტუალობა;
  • განმცხადებლის მიერ შერჩეული საკითხი უნდა იძლეოდეს მის გარშემო ახალი დისკუსიების წამოწყების შესაძლებლობას.

სტატიის მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდი (font: sylfaen, ძირითადი ტექსტის ზომა: 12, სქოლიოს ზომა: 10, ხაზებს შორის დაშორება: 1,15).

კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტატიების ავტორები, ჰონორარის სახით, მიიღებენ 500 ლარს.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” პარტნიორ ორგანიზაციებთან, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან(CRRC)” და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში შექმნილი მასალის შინაარსზე სრულად არის პასუხისმგებელი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.