კონცეფცია

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ორგანიზებულ აკადემიურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობითა და ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული ცოდნის გაზიარების, კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა ლოკალურ და გლობალურ დონეებზე გაჩენილი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კრიზისების და სოციალურ კონფლიქტების სტრუქტურული მიზეზების რეფლექსიის მცდელობას წარმოადგენს და მას ახალგაზრდა მკვლევარებსა და აქტივისტებში კრიტიკული ცოდნის წარმოების პარალელურად, კოლექტიური ბრძოლის პრაქტიკების გადააზრებისა და შექმნის მიზანიც აქვს.

დღეს არსებული ფემინისტური და ქვიარ პოლიტიკა, ისევე როგორც გენდერული და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის მეთოდები მხოლოდ ბრძოლის ფორმისა და მეთოდის კრიტიკამდე დაიყვანება, რომელიც ჩაგვრისა და უთანასწორობის  მიზეზების და მათი ურთიერთკავშირის იდენტიფიცირების გზებს აბუნდოვანებს და მასთან შეპირისპირებას ართულებს. გლობალიზაციის ეპოქაში აქტივიზმის წინააღმდეგობის ჩარჩო იმგვარად დასუსტდა და შევიწროვდა, რომ ის ვეღარ ახდენს დომინანტურ და მჩაგვრელ სისტემებთან შეპირისპირებას. აქტივიზმის ადგილობრივი პრაქტიკები ვერ ახერხებს ავთენტური, ინკლუზიური და სამართლიანი დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს და რეალურ საჭიროებებს დაეფუძნება. პლატფორმის მიზანი საჯარო დისკუსიებში არსებული ამ ხარვეზის შევსებაა და ის საკუთარ თავში ახალი ტიპის ბრძოლების გაჩენის მცდელობასაც მოიცავს.

ძალაუფლების ღერძებისა და ჩაგვრის იდენტიფიცირების, არსებული აქტივისტური ბრძოლების კრიტიკული ანალიზის მეშვეობით, ჩვენ გვჭირდება, უკვე დადგენილ და შემოთავაზებულ დღის წესრიგთან დაუმორჩილებელი საზოგადოების სურვილი თავად მოიპოვოს წინააღმდეგობის სუბიექტური ფორმები, რომლებიც განსხვავდება სოციალური სისტემის მიერ უკვე ნაკარნახები, გამზადებული ჩარჩოსგან. გათავისუფლების ძიებაში, უმთავრესი როლი ეკისრება საზოგადოების ორგანიზებას, მობილიზებასა და პოლიტიკური ცნობიერების გაჩენას, რაც შესაძლებელს გახდის დისციპლინირებული სუბიექტები გარდაიქმნან პოლიტიკურ სუბიექტებად რეალური წინააღმდეგობის ფორმირებისთვის.

ჩვენი მიზანია, შეიქმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს ახალი ცოდნის მიღებასა და კოლექტიური გაზიარების გზით - მის გაღრმავებაში.

პლატფორმამ უნდა გააერთიანოს ახალგაზრდა აქტივისტები და მკვლევრები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სოციალური სამართლიანობის, ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკის საკითხებით და აქვთ ინტერესი ჩაერთონ აქტივისტურ პრაქტიკაში. პლატფორმა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ. პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე.

ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები (მობილიზაცია, ორგანიზება, მეთოდიკები და ინსტრუმენტები)
    ტექნიკური დეტალები:

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
ლექციების რაოდენობა: 16 (თვეში 4)
სალექციო დროის ხანგრძლივობა: 3 საათი
ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 5 თვე (ოქტომბერი-თებერვალი)
ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: თბილისი, EMC-ის სოციალური სივრცე.

EMC სრულად დაფარავს რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

მონაწილეთა შერჩევა:

აქტივიზმის პლატფორმაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა და მოამზადონ მცირე ესსე (მაქსიმუმ 900 სიტყვა) რომელიც დაეფუძნება მონაწილის ხედვას შემდეგ თემაზე - სამოქალაქო აქტივიზმის არსებული გამოცდილებების (ინსტიტუციონალიზებული და არაფორმალური აქტივიზმების) კრიტიკა.

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამასრულებელ კურსზე მყოფ) 21 წლიდან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მკვლევარებს. პლატფორმის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი, შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა“.

EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ლიკა ჯალაღანია - პროექტის კოორდინატორი
Tel: 596116566
E-mail: [email protected]

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.

  სააპლიკაციო ფორმის