ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს მიღებას ქვემო ქართლის მასწავლებელთა ქსელის მონაწილეების შესარჩევად.  

ქსელის წევრები შეიძლება, გახდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებში მოღვაწე მასწავლებლები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიისა და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

ქსელის მიზანია ადგილობრივი მასწავლებლების ცოდნის გაძლიერება დემოკრატიის საკითხებში და სოციალური ცვლილებებისთვის მათი უკეთესი ორგანიზების ხელშეწყობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასწავლებელთა ქსელი ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური დიალოგისა და სოლიდარობის უნიკალური პლატფორმა შეიძლება გახდეს და რეგიონში სოციალური ცვლილებების, თემზე ორიენტირებული დემოკრატიული სკოლის პრაქტიკის დანეგრვას შეუწყოს ხელი. 

ჩვენ გვჯერა, რომ

  • სკოლას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, შექმნას უფრო სოლიდარული საზოგადოება და თემში დემოკრატიულ – სოციალურ ტრანსფორმაციებს შეუწყოს ხელი;

  • სკოლის მასწავლებლები მშვიდობიანი, დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი რესურსია;   

  • მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ გარემოში სწორედ, სკოლის მასწავლებლები შეიძლება გახდნენ უფრო ინკლუზიური, ნამდვილ დიალოგზე და თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს შემქმნელები, როგორც სკოლის სივრცეში, ისე მის გარეთ;

მასწავლებელთა ქსელის მონაწილედ შეირჩევა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში მოღვაწე 16 მასწავლებელი, სხვადასხვა ეთნიკური/რელიგიური ჯგუფიდან. ქსელის მონაწილეებს პროექტი შესთავაზებს ლექციებისა და სემინარების ციკლს (მინიმუმ 20 ლექცია-სემინარი) დემოკრატიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, სათემო ცხოვრების საკითხებზე. სადისკუსიო პროგრამის შედგენის დროს ასევე გავითვალისწინებთ მონაწილეების სპეციფიკურ ინტერესებს და საჭიროებებს. ლექციები და დისკუსიები, ქსელის ფარგლებში, ჩატარდება ქართულ ენაზე.

ქსელის მონაწილე მასწავლებლებისთვის გამოცხადდება ხუთი მცირე საგრანტო კონკურსი, რომელიც მათ საკუთარ სკოლაში და თემში დემოკრატიული აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

ამას გარდა, EMC უზრუნველყოფს მასწავლებლების ქსელის აქტიურ თანამშრომლობასა და დიალოგს განათლების სამინისტროსთან, მათ შორის, ადგილობრივ სკოლებში არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და ცვლილებების შესახებ.

EMC ფიქრობს, რომ მასწავლებლების ქსელი არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი პროექტი და ის ჩვენს და თქვენს შორის უფრო ღრმა და სისტემური თანამშრომლობის საფუძველი გახდება.  

მასწავლებელთა ქსელში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 22 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია  და ასევე, ესსე თემაზე: „მასწავლებლის როლი სოციალური ცვლილებების და თემის გაძლიერების პროცესში“ (მინიმუმ 500 სიტყვა).

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ -  "მასწავლებლების ქსელი"

პროექტი ხორციელდება საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. პროექტის თანაპარტნიორია ახალი აზროვნების ინსტიტუტი. პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.